შვედეთში შეყვარებულებს ქორწინების გაფორმება პირდაპირ IKEA-ს მაღაზიაში შეეძლებათ

შვედეთში სიყვარულისა და ინტერიერის მოყვარულებისთვის უჩვეულო შესაძლებლობა გაჩნდა – IKEA შეყვარებულ წყვილებს საშუალებას აძლევს, ქორწილი პირდაპირ მის მაღაზიებში გადაიხადონ.

ინიციატივა 27 ივნისს განხორციელდება და ქვეყნის ხუთ ქალაქში მდებარე IKEA-ს მაღაზიას მოიცავს: მალმიოში, ლინჩეპინგში, იონჩეპინგში, უდევალასა და კარლსტადში. თითოეულ მაღაზიაში მხოლოდ სამი წყვილის ქორწინება გაიმართება, რაც ღონისძიებას საკმაოდ ექსკლუზიურს ხდის.

IKEA სპეციალურად მოაწყობს საქორწილო სივრცეებს საკუთარი შოურუმების ინტერიერებში. ცერემონიებს ოფიციალური რეგისტრატორი ჩაატარებს, რის შედეგადაც ქორწინებას სრულფასოვანი იურიდიული ძალა ექნება.

ქორწილის შემდეგ ახალდაქორწინებულებსა და მათ სტუმრებს IKEA-ს სპეციალურ საზაფხულო მენიუს შესთავაზებენ, ხოლო თითოეული წყვილი კომპანიისგან საქორწილო საჩუქარსაც მიიღებს.

IKEA Sweden-ის ინტერიერის დიზაინის მენეჯერის, Martina Bjuvenius თქმით, პროექტის მიზანია ადამიანებს სიყვარულისა და თანაცხოვრების განსაკუთრებულ გარემოში აღნიშვნის შესაძლებლობა მისცეს.

ქორწინების მსურველებმა წინასწარ უნდა გაიარონ შვედეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და უზრუნველყონ ორი მოწმის დასწრება, რათა ქორწინება ოფიციალურად გაფორმდეს.

სოციალურ ქსელებში ინიციატივამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ბევრმა მომხმარებელმა იხუმრა, რომ ნამდვილი გამოცდა ქორწილის შემდეგ დაიწყება, მაშინ, როცა წყვილს IKEA-სგან მიღებული საჩუქრის აწყობა ერთად მოუწევს.