ლანდშაფტის ასოციაციის თანადამფუძნებლის, ქეთევან გელაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ლანდშაფტის დიზაინზე მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება, თუმცა სექტორში განსაკუთრებით მებაღეების დეფიციტი შეინიშნება.როგორც ასოციაციის თანადამფუძნებელი გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აღნიშნავს, ქვეყანაში პროფესიული კოლეჯების არსებობის მიუხედავად, მებაღეების ნაკლებობა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.მისივე თქმით, ახალგაზრდები მებაღეობის პროფესიას შედარებით ნაკლებად ირჩევენ, მაგრამ ზრდასრული ასაკის ადამიანები ხშირად პროფესიას იცვლიან და საქმიანობას აღნიშნულ სფეროში აგრძელებენ.”ლანდშაფტის დიზაინზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება. საგრძნობლადაა გაზრდილი, როგორც იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ მიმართულებით პროფესიის არჩევას გეგმავენ, ასევე მომხმარებლების ინტერესი. ინტენსიური განაშენიანების ფონზე, ბევრი ადამიანი ქალაქგარეთ, კერძო სახლებში ცხოვრებას ირჩევს. მათ უმეტესობას გაცნობიერებული აქვს, რომ სახლთან ერთად, ეზოც შესაბამის მოწყობას საჭიროებს, შესაბამისად, სპეციალისტების მომსახურებას მიმართავენ. ბაზარზე ლანდშაფტის დიზაინერებზე მაღალი მოთხოვნაა, თუმცა კიდევ უფრო დიდი მოთხოვნაა მებაღეებზე.ამ პროფესიის წარმომადგენლების დეფიციტიც კი შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხაზით პროფესიული კოლეჯები ფუნქციონირებს, კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროფესია დაბალანაზღაურებადი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ სამშენებლო სექტორი აქტიურად ვითარდება, სფეროში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივები არსებობს”, – აცხადებს ქეთევან გელაშვილი.წყარო: ბიზნესპარტნიორი


