რესპუბლიკური პარტიის დონორმა და ნავთობინდუსტრიის ტეხასელმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ნიკანდროსმა, რომელიც წარსულში MEGOBARI აქტის წინააღმდეგ ლობირებდა, კონგრესმენ ჯო უილსონს წერილით მიმართა და საქართველოსთან დაკავშირებით შეხვედრა სთხოვა.
“წლების განმავლობაში დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს საქართველოს შესახებ თქვენს განცხადებებსა და საკანონმდებლო ინიციატივებს. მიუხედავად იმისა, რომ პატივისცემით არ ვეთანხმები ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით თქვენს ბოლოდროინდელ დასკვნებს, მე პატივს ვცემ თქვენს დიდი ხნის ინტერესს რეგიონში და აშშ-ს ინტერესების წინ წაწევისადმი თქვენს ერთგულებას.” – წერს ნიკანდროსი.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში გამოცემა The Hill წერდა, რომ ნიკანდროსმა 19 იანვარს წარმომადგენელთა პალატის, სულ მცირე, ერთ რესპუბლიკელ წევრს წერილი გაუგზავნა, რომელშიც კონგრესმენს MEGOBARI აქტის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდა. ნიკანდროსი დიდი ხანია აცხადებს, რომ რომ საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული, რაც მან უილსონისამი მიწერილ წერილშიც გაიმეორა.
“საქართველოში ოპერირების თითქმის 30-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე მჯერა, რომ ქვეყანასთან დაკავშირებით კერძო სექტორის უნიკალური გადმოსახედის შემოთავაზება შემიძლია განსახილველად.” – განმარტა მან. ნიკანდროსის თქმით, მისასალმებელი იქნებოდა, თუ უილსონთან “შუა დერეფანში, რეგიონულ ენერგო უსაფრთხოებაში და აშშ-ს კერძო სექტორის მეშვეობით აშშ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში საქართველოს როლის” შესახებ დისკუსიის გამართვა იქნება შესაძლებელი.
სექტემბერში MEGOBARI აქტის წინსვლა კონგრესში რესპუბლიკელმა სენატორმა, მარკუეინ მალინმა დაბლოკა. The Hill-ის ინფორმაციით, ნიკანდროსს სენატორი მალინისა და სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლებისთვის საარჩევნო კამპანიებისთვის თანხა ჰქონდა გაღებული. მალინმა The Hill-ს სექტემბერში განუცხადა, რომ MEGOBARI-ის აქტის მიმართ მისი წინააღმდეგობა ნიკანდროსთან კავშირში არ იყო. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, 2020 წელს მალინი ნიკანდროსის ერთ-ერთ კომპანიას, Frontera Resources-ს, საქართველოს მთავრობასთან არსებულ დავაში ლობირებდა.
2020 წელს Frontera-სა და საქართველოს შორის დავის დროს კომპანია ირწმუნებოდა, რომ საქართველოში 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული. გავრცელებული ცნობებით, კომპანიამ ლობირებაზე დაახლოებით 1 მილიონი დოლარი დახარჯა და იმავე წლის ივლისში საქართველომ Frontera-ს ქვეყანაში მუშაობის განახლების ნება დართო. The Hill-ის მიერ მოპოვებული წერილის მიხედვით, ნიკანდროსი ამბობს, რომ ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში მისი კომპანია დიდ ინვესტიციებს დებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში.




