„შვეიცარიის სამთო კურორტები სწორედ შენობების მცირე მასშტაბებით იზიდავს ტურისტებს, ბახმარო კი „ორბის“ კომპლექსით ინტერესს დაკარგავს“ – ანა ბიბილაშვილი

„შვეიცარიის სამთო კურორტები სწორედ შენობების მცირე მასშტაბებით იზიდავს ტურისტებს, ბახმარო კი „ორბის“ კომპლექსით ინტერესს დაკარგავს“ – ანა ბიბილაშვილი
არასამთავრობო ორგანიზაცია „ურბანული განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის ანა ბიბილაშვილის განცხადებით, ბახმაროში „ორბი“ ჯგუფის მიერ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გამოიწვევს იმ ტიპის პროცესებს, რამაც ბაკურიანსა და გუდაურს საერთაშორისო ტურისტებში მიმზიდველობა დააკარგვინა.
როგორც მან „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, პროექტის მთავარი პრობლემა მისი მასშტაბი და ის მასალებია, რომელიც სამთო კურორტის კონცეფციასთან შეუსაბამოა.
მან შვეიცარიის სამთო კურორტების მაგალითზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ტურისტებისთვის მიმზიდველი სწორედ მშენებლობების არსებული მასშტაბების შენარჩუნების საფუძველზე გახდა.
„ჩვენ ძალიან მძიმე მაგალითები გვაქვს ამ მხრივ, ბაკურიანის და გუდაურის სახით. ამ მასშტაბით მშენებლობის დაწყება, დომინოს პრინციპით, აუცილებლად გამოიწვევს ანალოგიური მასშტაბით მშენებლობის მოთხოვნებს. ეს საბოლოო ჯამში, სრულად გაანადგურებს ბახმაროს ავთენტიკურობას და იმ როლს, რომელიც მას აქვს ტურიზმში.
მსოფლიოში არსებობს მთის კურორტების წარმატებულად განვითარების მაგალითები. კერძოდ შვეიცარია, სადაც კურორტებმა შეინარჩუნეს ავთენტიკურობა, შენობების არსებული მასშტაბები (2-3 სართული), ასევე სამშენებლო მასალები, რომელიც იმ ადგილებისთვისაა დამახასიათებელი და განვითარდა ისე, რომ ტურისტებისთვის საინტერესო გახდა“, – განმარტა ურბანისტმა.
ურბანისტის თქმით, ინვესტიციების მოზიდვა და განხორციელება გარემოს იერსახის, მისი ავთენტიკურობის დაკარგვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და პროექტის დამცველები ბახმაროს „ორბის“ პროექტს განვითარებას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ინვესტიციების გარეშე ვერ მოხდება საკურორტო ზონების განვითარება. რა თქმა უნდა, ინვესტიციები საჭიროა, მაგრამ ისინი არ უნდა განხორციელდეს გარემოს და მისი ავთენტიკურობის განადგურების ხარჯზე. კონკრეტულად ამ პროექტით ნამდვილად მოხდება ის, რომ ბახმარო დაკარგავს თავის სახეს, მასშტაბს და დაემსგავსება ამორფულ მასას, რის შემდეგაც ის აღარ იქნება საინტერესო ტურისტებისთვის.
გრძელვადიან პერსპექტივაში კურორტი ვერ განვითარდება მდგრადად და ვერ მოიზიდავს მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს. ეს დაემართა სხვა კურორტებს და არ გვინდა დაემართოს ბახმაროსაც“, – განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.
მისი თქმით, ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული აღნიშნული პროექტის განხილვაში და მისი შეცვლის შესახებ წერილით როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში მიმართავს.
„ვამზადებთ წერილს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების (ეკონომიკის სამინისტროს) სახელზე, რომლითაც, იმედი გვაქვს, პროცესების უკან დაბრუნება გახდება შესაძლებელი. პროფესიული და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მუშაობით უნდა შევძლოთ ის, რომ პასუხისმგებელი პირები ამ საკითხზე დავაფიქროთ.
აუცილებელია შეიცვალოს პროექტი და ის არ იყოს საქალაქო ტიპის შენობა, რომელიც თითქოს თურქეთის რომელიღაც სანაპიროდან აიღეს და ჩასვეს მთის კურორტზე, რომელიც არც არქიტექტურული და არც სამშენებლო მასალების თვალსაზრისით, ბახმაროს იერსახეს არ შეესაბამება.
საუბარია არა საერთოდ მშენებლობების აკრძალვაზე, არამედ ისეთი მშენებლობების წარმოებაზე, რომელიც კურორტის ღირებულებას გაზრდის, გახდის ბერად მიმზიდველს და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს“, – აღნიშნა ანა ბიბილაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა