ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტი მარტა არგერიხი იუბილარია (ვიდეო)

5 ივნისს მარტა არგერიხს 85 წელი შეუსრულდა. 

მარტა არგერიხი არგენტინაში, ბუენოს-აირესში დაიბადა. მისი მშობლები ებრაელი ემიგრანტების შთამომავლები იყვნენ მეფის რუსეთიდან, რომლებიც ჯერ კატალონიაში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ბუენოს-აირესში ჩავიდნენ და ებრაულ კოლონიაში – ვილა კლარაში დასახლდნენ. ფორტეპიანოზე დაკვრა სამი წლის ასაკში დაიწყო და ფენომენალური მუსიკალური მონაცემების წყალობით რამდენიმე წელში მოცარტის საფორტეპიანო სონატები ლამის ზეპირად იცოდა. სწორედ მოცარტს უკავშირდება მარტა არგერიხის პირველი საჯარო და საკონცერტო გამოსვლა ორკესტრთან ერთად, როცა 8 წლის ასაკში მეოცე საფორტეპიანო კონცერტი (რე მინორი, K.466) შეასრულა.

1955 წელს არგერიხის მშობლები ევროპაში, კერძოდ, ვენაში, დიპლომატიური სამსახურის გამო გადავიდნენ და ეს არგენტინის მაშინდელი პრეზიდენტის, ხუან პერონის დამსახურება იყო. ვენაში – კლასიკური მუსიკის ყველაზე ცნობილ ქალაქში – პატარა პიანისტის ტალანტი რიგრიგობით აღმოაჩინეს და განავითარეს აბიმ სიმონმა, მადლენ ლიპატიმ (ცნობილი პიანისტის, დინუ ლიპატის ქვრივი) და შტეფან აშკენაზიმ.

განსაკუთრებული გავლენა მისი სტილის და მუსიკალური აზროვნების ფორმირებაზე ორმა დიდმა პიანისტმა მოახდინა: ფრიდრიხ გულდამ (რომელთანაც დაახლოებით სამი წელი სწავლობდა) და არტურო ბენედეტი მიქელანჯელიმ  (რომელიც უკვე მძიმედ იყო ავად და ამიტომ მხოლოდ ერთი წელი ასწავლიდა). აღსანიშნავია, რომ სწორედ შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში, სადაც დღეს მარტა არგერიხი ცხოვრობს და სადაც მის მიერ დაარსებული მუსიკალური ფესტივალი არსებობს, დაკრძალულია მისი მასწავლებელი და უდიდესი პიანისტი არტურო ბენედეტი მიქელანჯელი.

1957 წელს, თექვსმეტი წლის ასაკში, არგერიხმა ზედიზედ გაიმარჯვა ჯერ ჟენევის საერთაშორისო მუსიკალურ, ხოლო შემდეგ ფერუჩო ბუზონის სახელობის კონკურსებში. რამდენიმე წლის შემდეგ კი ბრწყინვალედ გამოვიდა შოპენის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე, სადაც პირველი პრემია და მუსიკის კრიტიკოსების უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

60-იანი წლების დასაწყისიდან მისი საფორტეპიანო კარიერა მზარდი აღმავლობით გამოირჩევა: კონცერტები, სტუდიური ჩანაწერები თუ გასტროლები. არგერიხის მიერ ჩაწერილი შოპენი, ბრამსი, ლისტი, რაველი, შუბერტი თუ პროკოფიევი საფორტეპიანო მუსიკის სამყაროში ახალ სუნთქვას ჰგავდა. ჯარასავით მარდი თითები, ენერგიასთან შეზავებული მიზანსწრაფვა და სრული მობილიზება საშუალებას აძლევდა ზუსტად შეეცვალა ნებისმიერი ნაწარმოების ტემპი, სიჩქარე და სირთულე. ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე ოპოზიციაზე – დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა – ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია