პრეზიდენტი: შეიძლება, ვინმეს აწყობს, რომ რომელიმე პარტიის ლიდერად წარმომაჩინოს – ამაოდ

შეიძლება, ვიღაცას იმედი ჰქონდა, ან კიდევ აქვს, რომ წყენა, შევიწროება ან სხვა რამ დამღლიდა, გამტეხდა და თქვენ წინაშე დადებულ ფიცზე უარს მათქმევინებდა. პირიქით, მე ამ ფიცის უზარმაზარ ძალას დღესაც ვგრძნობ. ბოლომდე ჩემს ადგილზე ვიქნები, ამ ფიცისა და კონსტიტუციის ბოლომდე ერთგული.
შეიძლება, ვიღაცას ძალიან აწყობდეს, რომ პოლიტიკური ჭიდილის არენაზე გადამიყვანოს და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციისა და თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. თუმცა, ამაოდ. ეს გზა გავლილი მაქვს. მჯერა, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება უპარტიო, თუმცა, არა უპრინციპო, სტრატეგიული ხედვისა და არა პოლიტიკური ამბიციისა და პირადი ინტერესების მქონე სახელმწიფო ლიდერი, რომელიც ბოლომდე მთავარ მიზანს ემსახურება – საბჭოთა წარსულის ევროპული მომავლით ჩანაცვლებას და თავისუფალ, მშვიდობიან ევროპულ ოჯახში ქვეყნის დამოუკიდებლობის სამუდამოდ გამყარებას.