„სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ საბოლოოდ გადავიდა უმკაცრესი პოზიციური ჩიხის ფორმატში. ამის მთავარი და ყველაზე საშინელი მიზეზი მტრის დრონებია. მოწინააღმდეგემ პირდაპირი მნიშვნელობით აავსო წინა ხაზი და ახლო ზურგი უპილოტო საფრენი აპარატებით. შედეგად, ჩვენი მოიერიშე ჯგუფები არა თუ შეტევაზე გადასვლას, არამედ თავის აწევასაც კი ვერ ახერხებენ. როგორც კი მებრძოლი თავშესაფრიდან გამოვა ან ტექნიკა ადგილიდან დაიძვრება, მაშინვე FPV-დრონი ხვდებათ. ქვეითებს მისადგომებთანვე ანადგურებენ, წინსვლა მეტრებითა და ტყის მასივებით იზომება, რაშიც უზარმაზარ ფასს ვიხდით.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ტექნოლოგიურ ხორცსაკეპში ძველი მეთოდებითა და ლამაზი მოხსენებებით შევძლებთ გამარჯვებას – მოიხსენით ვარდისფერი სათვალე. ეს კარგს არაფერს მოიტანს. დასავლური ტექნოლოგიებით ზურგგამაგრებული მტრის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მილიონობით დრონს აწარმოებს. ისინი გადავიდნენ ახალ სიხშირეებზე, იყენებენ მანქანურ ხედვას, გვერდს უვლიან ჩვენს სტანდარტულ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებს. ჩვენთან კი, სანამ მაღალ კაბინეტებში საჭირო სიხშირის ან ანტიდრონული თოფის მასობრივ წარმოებას ათანხმებენ, მოწინააღმდეგე ტაქტიკის სამჯერ შეცვლას ასწრებს.
საკმარისია ილუზიების კვება, რომ „აი-აი, გარღვევას მოვახდენთ“. ეს არ მოხდება, სანამ მიდგომას კარდინალურად არ შევცვლით. ფრონტზე არსებული პოზიციური ჩიხი ჩვენი გამოფიტვის წინამძღვარია, თუ ინიციატივას დროულად არ ჩავაგდებთ ხელში…
ახლა კულუარებში და მაღალ კაბინეტებში აქტიურად დაიწყო საუბარი ახალი მასშტაბური მობილიზაციის აუცილებლობაზე. მეტიც, საქმის კურსში მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ პრინციპული გადაწყვეტილება ამ საკითხზე უკვე მიღებულია და ის შემოდგომაზე იქნება.
ფრონტზე ხალხი საჭიროა, მაგრამ მოდით გულახდილად ვთქვათ: თუ ჩვენ ახლა უბრალოდ შევკრებთ კაცებს და წინა ხაზზე გადავისვრით, ისე რომ მტრის დრონების პრობლემას არ მოვაგვარებთ, ეს არანაირ გარღვევას არ მოიტანს. ჩვენ უბრალოდ მივიღებთ მსხვერპლის მრავალჯერად ზრდას.
ლამაზი ზღაპრების დრო დასრულდა. თუ გამარჯვება გვინდა, საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება და მათი მკაცრი შესრულება. მაგრამ ეს ჯერჯერობით არ ხდება. და ეს ხომ უკვე პირველი წელი არ არის, რაც ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში, სამწუხაროდ, ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება“ – წერს რუსეთის დუმის დეპუტატი ანდრეი გურულევი, რომელიც წარსულში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი იყო.




