დიდთოვლობამ ზვავი და მეწყერი გამოიწვია აჭარაში – არის მსხვერპლი

დიდთოვლობის შედეგად ზვავი და მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიღუპა ორი ადამიანი.
ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოფელ ზემო თხილვანაში დილით ჩამოწოლილმა ზვავმა საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. დაიღუპა 63 წლის ქალი. მუნიცპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა. მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებელი თოვის შემდეგ, დილიდან გადაუღებლად წვიმს, რაც ბერიძის თქმით, კიდევ უფრო ართულებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს. მერი მოსახლეობას მიმართავს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისგან, რადგან წვიმა ზრდის ზვავისა და მეწყრის საშიშროებას.
მეწყრული პროცესები განვითარდა ქედის მუნიციპალიტეტშიც. მეწყერს სოფელ წონიარისში, საკუთარ სახლში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ქედის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძე იყო.
სტიქიის ზონაში მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ტექნიკა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური ნალექით გამოწვეული მეწყრის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა -ახალციხის საავტომობილო გზის დოლოგანი-ხულოს მონაკვეთზე.
6 თებერვალს, ძლიერმა თოვამ, წვიმამ და ქარიშხალმა სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიც დააზარალა.

ასევე დაგაინტერესებთ