ვრცელდება გორში პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის მიმართვა

პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის სახელით მისმა ძმამ განცხადება გაავრცელა. დაზარალებული საზოგადოებას მიმართავს, მისი ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ და ხაზს უსვამს, რომ მის ნაცვლად განცხადებების გაკეთება დაუშვებელია. ლოცულაშვილი ასევე აცხადებს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები უკვე დასჯილები არიან და ეს საქმე სხვებისთვისაც უნდა გახდეს მაგალითი.

„მოგესალმებით ყველას ვინაიდან ჩემს ძმას არ გააჩნია სოციალური ქსელი გიზიარებთ ჩემი ძმის აზრს.

დიდი მადლობა ვინც გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა ჩემდამი.

რაც მოხდა საშინელება იყო. მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები დღეს უკვე დასჯილები არიან.

მინდა მივმართო იმ ადამიანებს , ვინც ამ ამბით სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ჩემი ამბით გამოჩენა უნდა ნუ გამოიყენებთ ჩემს მდგომარეობას თქვენს სასიკეთოდ.

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი რაც მოხდა, მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციელების  მიერ სასტიკად ნაცემი ახაგაზრდა ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. პაპუნა ლოცულაშვილი უკვე მესამე დღეა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

რაც შეეხება დაკავებულ 6 პოლციელს, ისინი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა წინასწარ პატირობაში გაუშვა.

ძალადობაში ბრალდებულმა პოლიციელებმა გიორგი წკრიალაშვილმა, ვლადიმერ გოდერძიშვილმა, საბა წაველიძემ, ალეკო ბადალოვმა, ვანიკო მისირელმა და ბესო მალაციძემ პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. – არც ერთი მათგანი სხდომას არ დასწრებია.