2024 წლის გაზაფხულზე“აგენტების კანონის” მიღებამ თბილისის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოიყვანა. “ქართული ოცნება” პროტესტის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა და რეპრესიული კანონი ძალაში დატოვა.
ამ ამბავმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უბიძგა, საქართველოსთან ურთიერთობებისთვის გადაეხედა. შედეგად, 2024 წლის 23 მაისს დაინიცირდა “მეგობარი აქტი”/MEGOBARI Act, რომელიც ხელისუფლებას მკაცრი შეზღუდვებით, მათ შორის, ფინანსური აქტივების გაყინვით ემუქრებოდა. აქტის ზოგადი მიზანი კი საქართველოში რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენის შესუსტება იყო.
თუ საქართველო დემოკრატიულ რელსებს დაუბრუნდებოდა, ამ აქტით, ვაშინგტონი უვიზო მიმოსვლას, სავაჭრო შეღავათებსა და თავდაცვის გაძლიერებას გვპირდებოდა.
თუმცა, ვერც ეს სიკეთე მივიღეთ და ვერც “ქართულმა ოცნებამ” აგო პასუხი ქვეყნის უკუსვლაზე, რადგან 2025 წლის დეკემბერში “მეგობარი აქტი” დაიბლოკა. ამის უკან ორი ადამიანი იდგა – ყოფილი ოკლაჰომელი სენატორი მარკვეინ მალინი და ტეხასელი ნავთობმაგნატი სტივ ნიკანდროსი, რომელსაც აქტის მიღება პირადი ინტერესების გამო არ აწყობდა.
ამ მოვლენების პარალელურად კი სტივ ნიკანდროსის ბიზნესმა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო – ფინანსური შეღავათები და 15-მილიონიანი დავალიანების ჩამოწერა.
ჟურნალისტურ გამოძიებაში გიყვებით, რა ხდებოდა სენატის კულუარებში, როგორ იმუშავა სტივ ნიკანდროსმა “მეგობარი აქტის” ჩასაგდებად და როგორ დათბა მისი დაფუძნებული ნავთობკომპანიის, “ფრონტერას” ურთიერთობა ხელისუფლებასთან.
ვინ არის ყოფილი სენატორი მალინი?
ჯო უილსონის ინიცირებულმა “მეგობარი აქტის” კანონპროექტმა პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა. 2025 წლის მაისში ის კონგრესის ქვედა პალატამ ხმათა უმრავლესობით მიიღო (349 – მომხრე, 42 – წინააღმდეგი), საბოლოოდ დასამტკიცებლად კი ზედა პალატაში, სენატში გადავიდა.
სენატში “მეგობარი აქტი” ორჯერ შეფერხდა – 2025 წლის სექტემბერსა და დეკემბერში. როგორც ამერიკული გამოცემა The Hill წერდა, კანონპროექტი ორივეჯერ სენატორმა ჯონ ტუნმა დაბლოკა. მის ამ გადაწყვეტილებას კი ლობირებდა ყოფილი სენატორი მარკვეინ მალინი. მან სენატი 2026 წლის მარტში დატოვა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

პარადოქსია, რომ ეს იგივე ადამიანია, რომელიც 2020 წელს საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა და აშშ-ის მთავრობისგან “მკაცრ რეაგირებას” ითხოვდა. მაშინ მალინი ბიძინა ივანიშვილს „რუსული სკოლის ოლიგარქს”, “პუტინის მოკავშირეს” უწოდებდა და ლეგალური ამერიკული ბიზნესის, “ფრონტერას” ქვეყნიდან გაძევების მცდელობაში ადანაშაულებდა. ამით მალინი “ფრონტერას” წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგან კომპანიას უკვე წაგებული ჰქონდა საერთაშორისო არბიტრაჟი და ქვეყნის დატოვება ემუქრებოდა.
რა მოხდა ამ ხუთ წელში, რატომ იცვალა ფერი ყოფილმა სენატორმა მალინმა? სინამდვილეში, მისი ქცევა ადრეც და ახლაც ერთი და იმავე ფიგურის, სტივ ნიკანდროსის ინტერესებთან იკვეთებოდა. აი, მათი ძველი კავშირების შესახებ:
- ცნობილია, რომ 2019-2020 წლებში ნიკანდროსმა მალინის საარჩევნო კამპანია 9 000 დოლარით დააფინანსა;
- როგორც ბრიტანული Open democracy წერს, აშშ-ის საარჩევნო კომისიის (FEC) მონაცემებით, 2017-2020 წლებში ნიკანდროსმა 73, 450 აშშ დოლარი შესწირა 16 ამერიკელ კონგრესმენს და სენატორს. ისინი კი მოგვიანებით Frontera-ს სასარგებლოდ ლობირებდნენ;
- 2019 წლის თებერვალში მარკუეინ მალინმა კონგრესში დააინიცირა „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი“. ის გულისხმობდა საქართველოს მთავრობის სანქცირებას და ვიზების შეზღუდვას კონკრეტული მაღალჩინოსნების მიმართ, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკულ ბიზნესს ხელს შეუშლიდნენ;
- 2020 წლის იანვარში რამდენიმე ამერიკელმა კანონმდებელმა, მათ შორის, მალინმა საქართველოს მთავრობას კრიტიკული ღია წერილები გაუგზავნა და ამერიკული ბიზნესის შევიწროებაში დაადანაშაულა.
- 2017-2021 წლებში ნიკანდროსმა დამატებით 850,000 აშშ დოლარი გადაუხადა ვაშინგტონურ ლობისტურ ფირმას Cornerstone Government Affairs-ს/CGA, აღმოსავლეთ ევროპაში ძიება-წარმოების საკითხებზე ლობირებისთვის.
რატომ დასჭირდა ნიკანდროსს სენატორების მობილიზება, ამის გასაგებად ამერიკული „ფრონტერას“ ქართულ ისტორიას უნდა გადავხედოთ.
ამერიკული “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ” საქართველოში 1997 წელს გამოჩნდა, დაარეგისტრირა შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”, რომელმაც მე-12 ბლოკზე (კახეთსა და ქვემო ქართლში) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების 25-წლიანი ლიცენზია მოიპოვა.


რესურსების წარუმატებელი ძიებისა და დაგროვილი ვალის გამო 2018 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ „ფრონტერას” ჰააგის საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა.
როგორც ჩანს, სწორედ ამ არბიტრაჟში წაგების და ქვეყნის დატოვების შიშით მიმართა ნიკანდროსმა თავის გავლენიან ნაცნობებს სენატში – მათ შორის, მარკვეინ მალინს და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ აამხედრა.
2025 წლის მიწურულს კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა – “ფრონტერა” და “ქართული ოცნება” ფაქტობრივად თანამოაზრეები აღმოჩნდენ. საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც „მეგობარი აქტის“ სახით თავზე დამოკლეს მახვილი ეკიდა, სასწრაფოდ დასჭირდა ვაშინგტონში გავლენიანი „მაშველი რგოლი“. ნიკანდროსს კი სენატში მასთან ვალში მყოფი მოკავშირეები ჰყავდა.
ნავთობმაგნატმა ლობისტური ქსელი აამოქმედა, სენატორებს, მათ შორის, მალინს წერილები დაუგზავნა და სანქციების დაბლოკვა მოსთხოვა. ბრიტანული Reuters-ის და ამერიკული The Hills-ის ინფორმაციით, არგუმენტად მოიშველია, რომ “მეგობარი აქტი” მისი ახალი კომპანიის, TXN Energy-ის მომავალ ქართულ ინვესტიციებს დააზიანებდა. ცდამ შედეგი გამოიღო – “ფრონტერას” ქსელმა “მეგობარი აქტი” დაბლოკა და საქართველოს ხელისუფლება გარდაუვალი სანქციებისგან იხსნა.
ნიკანდროსი კი წერდა, TXN Energy-ი ორ წელში 100-მილიონიან ინვესტიციას გეგმავსო, თუმცა ეს ამბავი ხელოვნურ არგუმენტს უფრო ჰგავს. London.report-ის მიხედვით, ნიკანდროსს სენატორებისთვის ინვესტიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, ვიცით, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ამ კომპანიაზე ნავთობის ძიება-მოპოვების ლიცენზია ჯერ არ გაუცია.
TXN Energy 1996 წელს ჰიუსტონში, ტეხასის შტატში დარეგისტრირდა, საქმიანობის სფეროდ კი ნავთობის და გაზის ძიება-მოპოვება აქვს მითითებული. საინტერესოა, რომ იდენტურია TXN Energy-ის ახლანდელი და “ფრონტერას” ძველი მისამართები. მეტიც, TXN Energy-ს ახალ ვებგვერდზე “ფრონტერას” ძველი ვებგვერდის ფოტოებია განთავსებული. მსგავსია მათი სტრატეგიაც – შავი ზღვის რესურსების ათვისება. 2025 წლის ნოემბერში ლონდონური დამოუკიდებელი გამოცემა reporter.london-იც წერდა, რომ TXN Energy, ფაქტობრივად, “ფრონტერას” რებრენდინგია.
ახლა „ფრონტერას” ქართულ ისტორიას გადავხედოთ – რომ მივხვდეთ, სინამდვილეში რა მოტივი ამოძრავებდა სტივ ნიკანდროსს, როცა “მეგობარი აქტის” ჩაგდებას ლობირებდა.




