„მომხმარებელთა დიდი ნაწილი ქუჩის მაღაზიების ნაცვლად, მოლებში კომფორტულ “შოპინგს” ამჯობინებს“ – ზუკა თავყელიშვილი

Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსის, ზუკა თავყელიშვილის ინფორმაციით, საქართველოში მოლები ორ კატეგორიად – “მთავარ” და “უბნის მოლებად” (მცირე ზომის სავაჭრო ცენტრი) იყოფა.როგორც გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” ზუკა თავყელიშვილმა აღნიშნა, მთავარ მოლებში 2023-2025 წლებში შემოსავლების საშუალო წლიურმა ზრდამ დაახლოებით 13%-ი შეადგინა. მისი თქმით, ბოლო წლებში მომხმარებელთა დიდი ნაწილი ქუჩის მაღაზიების ნაცვლად მოლებში კომფორტულ შოპინგს ამჯობინებს.”მოლები დავყავით ორ ნაწილად  – “მთავარ” და “უბნის” მოლებად. მთავარ მოლს ჯამური მოცულობა მინიმუმ 20 000 კვადრატული მეტრი უნდა ჰქონდეს. მოლის მთავარი მახასიათებელი არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ გამოცდილებაზე დაფუძნებული აქტივობა უნდა იყოს, სადაც მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად “იშოპინგოს”, გაერთოს, იკვებოს და ა.შ. რაც შეეხება უბნის მოლებს, მათი ფორმატი განსხვავებულია და უფრო მეტად შოპინგზეა ორიენტირებული.ჩვენ საქართველოს ბანკის პოსტ-ტერმინალებზე გადახდების ანალიზი ჩავატარეთ. კერძოდ, 40 იდენტური მაღაზია ავიღეთ, რომლებიც როგორც მოლში, ასევე ცენტრალურ ქუჩებზეა განთავსებული. ვნახეთ მათი საშუალო შემოსავალი კვადრატულ მეტრზე, ანუ ყოველწლიურად კონკრეტული მაღაზია სად უფრო მეტს ვაჭრობდა. დავინახეთ, რომ მოლებში 2023-2025 წლებში შემოსავლების საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 13%-ი იყო. ზოგადად, მოლის მენეჯმენტს  შეუძლია სხვადასხვა კატეგორიის მაღაზიები საკუთარ სივრცეში ოპტიმალურად გადაანაწილოს, ეს კი მომხმარებელთა ნაკადებისა და შემოსავლების მაქსიმიზაციას უზრუნველყოფს”, – აცხადებს ზუკა თავყელიშვილი.სექტორის წარმომადგენელი ცენტრალურ ქუჩებზე საცალო ვაჭრობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს მიმართულება ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს.”დასავლეთ ევროპაში ქუჩის ვაჭრობა ბევრად განვითარებულია, ვიდრე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ჩვენს მსგავსად “მოლებია” პოპულარული. საიჯარო ფასების კუთხით რუსთაველის გამზირზე ყოველწლიურად ფასი იზრდება, ხოლო ჭავჭავაძის, პეკინსა და აღმაშენებელის გამზირებზე ფასი დაახლოებით ერთ ნიშნულზე ნარჩუნდება”, – აცხადებს Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი.ცნობისთვის, საქართველოში ყველაზე დიდი და მსხვილი სავაჭრო ცენტრებია (ფართობითა და ფუნქციონალით)  East Point, Tbilisi Mall, Metro City Forum Batumi, Galleria Tbilisi და City Mall Saburtalo.შეგასხენებთ, რომ Galt & Taggart უძრავი ქონების უახლესი კვლევის მიხედვით, თბილისის კომერციულ ბაზარზე სავაჭრო მოლების ჭარბი მიწოდება კვლავ არ იკვეთება. სავაჭრო მოლები: მთლიანი ბაზრის 33%-ია (ემსახურება ბრენდირებულ და ტრაფიკზე დამოკიდებულ ვაჭრობას), ხოლო ცენტრალური სავაჭრო ქუჩები: მთლიანი ბაზრის 9%-ია (ფოკუსირებულია პრემიუმ და ტურისტულ სეგმენტზე).წყარო: ბიზნესპარტნიორი