„ელექტროენერგიის 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები საშუალო წლიურ მონაცემებს შეესაბამება“ – გია არაბიძე

ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „კომერსანტთან“ ქართულ ბაზარზე ელექტროენერგიის 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები შეაფასა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის წინასწარი მაჩვენებლები საშუალო წლიურ მაჩვენებლებს შეესაბამება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბაზარზე სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნებაა ნავარაუდევი.
„ელექტროენერგიის მოხმარების 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით იგივეა, რაც 2023 წელს იყო, 14 მლრდ კვტ/სთ, ეს ის დონეა, რომელიც საქართველოში იყო 1989 წელს.
რაც შეეხება გამომუავებას, თბოელექტროსადგურებზე ნავარაუდევი დაახლოებით 3 მლრდ კვტ/სთ ძალიან კარგი მაჩვენებელია, რადგან ამ ეტაპზე გაზის პრობლემა არ გვაქვს და ალბათ ამაზე მეტის გამომუშავებასაც შეძლებენ.
ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაშიც აღებულია საშუალო წლიური მაჩვენებელი და 11 მლრდ კვტ/სთ-ის გამომუშავება პრობლემა არ არის.
რაც შეეხება იმპორტს, 990 მლნ კვტ/სთ-ია ნავარაუდევი. აქ მნიშვნელოვანია ის, შედის თუ არა მასში სთვის გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტი, რადგან ამ იმპორტის სამაჩაბლოსა და აფხაზეთისთვის იმპორტირებული ელექტროენერგიის თანხას საქართველო არ იხდის.
ექსპორტის საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 774 მლნ კვტ/სთ-ით, რაც ასევე საშუალო წლიურ დონეს შეესაბამება. ჩვენ ყოველწლიურად, როგორი წელიც უნდა იყოს, დაახლოებით 750-800 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობა ყოველთვის გვაქვს. შესაბამისად, ეს საპროგნოზო რიცხვია და შეიძლება გაიზარდოს კიდეც“, – განაცხადა გია არაბიძემ.
მისი თქმით, 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების საგრძნობლად (4%-ით) შემცირება ძირითადად „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა წარმოების შემცირებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მოხდა.
„ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება გამოიწვია „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობის ფაქტობრივი შეჩერების გამო, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა განაპირობა. მისი ქარხნები ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მომხმარებლები არიან საქართველოში“, – აღნიშნა ენერგეტიკოსმა.
როგორც მან განმარტა, 2023 წელი რეკორდული იყო ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებლით, რაც როგორც ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებამ, ასევე თბოელექტროსადგურებზე გენერაციის ზრდით იყო განპირობებული.