ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად დაიწყო გამოძიება რუსეთის მხრიდან ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის საქმეზე.
გამოძიების ობიექტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანდრანიკ ტევანიანია, რომელიც 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ოლიგარქ გაგიკ წარუკიანის პარტიის საარჩევნო სიის წევრია.
ბრალის თანახმად, ტევანიანი 2024 წელს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა გადაიბირეს, რის შემდეგაც ტევანიანმა მათ სახელმწიფო საიდუმლოების გადასცა 622 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ.
გამოძიება ასევე ვარაუდობს, რომ ის მოქმედებდა უცხოური დაზვერვის წარმომადგენლის მითითებებით, რომელზეც ითქვა, რომ არის გეოპოლიტიკური ცენტრი „რუსეთი კავკასიის“ დირექტორი. OC Media-მ აღნიშნული ორგანიზაციის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ვერ მოიძია.
საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ტევანიანმა „უკანონოდ შეაგროვა და გადასცა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია – კერძოდ, რუსულად თარგმნილი ინფორმაცია 2024 წლის აპრილში პარლამენტის დახურულ, საიდუმლო სხდომაზე გამართული მოსმენების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“.
გამოძიების დაწყების შემდეგ, 22 მაისის დილას ჩხრეკა ჩატარდა ტევანიანის პარტია „დედა სომხეთის“ ოფისსა და მის ბინაში. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა ფრაქცია „მაქვს პატივის“ დეპუტატ მარტუნ გრიგორიანის სახლშიც, რომელიც ასევე დაკავშირებულია წარუკიანის საარჩევნო სიასთან.
ტევანიანმა ეს ოპერაცია შეაფასა, როგორც მათი საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მცდელობა. მან ბრალდებები „ფეისბუქ ლაივშიც“ უარყო და საქმეს „შეთითხნილი“ და „აბსურდული“ უწოდა.
ტევანიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იგი 2021 წელს პარლამენტის წევრად აირჩიეს ბლოკიდან „სომხეთის ალიანსი“, მან მანდატი 2023 წელს დატოვა და თქვა, რომ მას „ფიზიკურად“ არ შეეძლო პარლამენტის ამგვარ სესიაზე დასწრება.
„თუ განცხადებას ყურადღებით წაიკითხავთ, დაინახავთ სიტყვას „უკანონოდ“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2024 წლის განმავლობაში ამ პირმა უკანონოდ შეაგროვა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ეს გარემოება ასევე არის გამოძიების საგანი“, – განაცხადა საპასუხოდ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა.
22 მაისის საღამოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს პროკურორის შუამდგომლობის განხილვას ტევანიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. ჯაშუშობის ან სახელმწიფო ღალატისთვის მსჯავრდების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
დახვრეტა თუ წარუკიანის ლომების გალია?
ტევანიანის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, ისევე როგორც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის (ეუს) მომავალი ანგარიში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავდაპირველად 20 მაისს, სომხეთის სიდიდით მესამე ქალაქ ვანაძორში, საარჩევნო კამპანიის დროს დააანონსა.
იმავე დღეს ფაშინიანმა, რომელმაც მისი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს: პრორუსი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის, ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანისა და წარუკიანის ლიდერობით შექმნილ ალიანსებსა და პარტიებს „სამთავიანი ომის პარტია“ უწოდა, გამოთქვა ვარაუდი, რომ ისინი შეიძლება „რებრენდირდნენ“, როგორც „ჯაშუშობის სამთავიანი პარტია“.
ორი დღის შემდეგ, დღეს, 22 მაისს, ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სომხეთსა და რუსეთს აქვთ შეთანხმება ერთმანეთის ტერიტორიაზე ჯაშუშური საქმიანობის განუხორციელებლობის შესახებ და გამოძიების პროცესში გაირკვევა, დაირღვა თუ არა ეს ხელშეკრულება.
მან ასევე აღნიშნა, რომ საეჭვო ჯაშუშობის შემთხვევებთან გამკლავება არა დაუყოვნებლივი დაკავებებით, არამედ ხანგრძლივი მონიტორინგით უნდა ხდებოდეს, რათა მოხდეს ქსელებისა და კონტაქტების რუკის შედგენა და მათ შორის იმის გარკვევა, თუ რომელ საარჩევნო სიაში აღმოჩნდა ესა თუ ის პირი, „ვისგან იღებს ბრძანებებს ამ პარტიის ლიდერი“ და ასრულებენ თუ არა ისინი ამ ბრძანებებს.
ფაშინიანმა ასევე დაუშვა შესაძლებლობა, რომ ტევანიანის საქმე შეიძლება უკავშირდებოდეს უფრო ფართო დინამიკას, რომელშიც წარუკიანის ოჯახია ჩართული, მათ შორის, შეიძლება უკაშირდებოდეს მისი შვილის, ნვერ წარუკიანის ძებნილობას.
ნვერ წარუკიანზე სომხეთში ძებნაა გამოცხადებული 2024 წელს მომხდარი სროლის ინციდენტის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, ის საზღვარგარეთ არის მას შემდეგ, რაც ბელარუსსა და რუსეთში გაემგზავრა, როგორც თავად უწოდა, „საქმიანი ვიზიტით“.
მაისის დასაწყისში ფაშინიანმა პირობა დადო, რომ „[წარუკიანის] შვილს ბელარუსიდან ქეჩოთი ჩამოიყვანდა და მართლმსაჯულების წინაშე წარადგენდა“.
„ჩვენთვის გასაგები უნდა იყოს, მოახდინეს თუ არა მათ გავლენა [წარუკიანზე] მისი შვილის ფაქტორით, ნებაყოფლობით მიდის თუ არა ის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, აქვს თუ არა რამე ბიზნესინტერესები და ა.შ.“, — განაცხადა ფაშინიანმა 22 მაისს.
„თუ ისინი იტყვიან, რომ წარუკიანი ჯაშუშია, დამხვრიტონ, მე თვითონ, ჩემი ნებით დავწერ შესაბამის განცხადებას. თუ არა – ვინც ამას იტყვის, უნდა მოვიდეს და თავიანთი ნებით შევიდეს ჩემს ლომების გალიაში“, — განაცხადა წარუკიანმა წინა დღით.
ტევანიანის წინააღმდეგ აღძრული საქმე პირველია მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა აპრილში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შეადგინა იმ პირთა „სქელი დოსიე“, რომლებიც, სავარაუდოდ, უცხოური დღის წესრიგის შესაბამისად მოქმედებდნენ. მაშინ ფაშინიანმა თქვა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა ჯაშუშობის „ზღვარზე დადიოდა“.
„როგორც კი ისინი ამ ზღვარს გადაკვეთენ, პასუხი მყისიერი იქნება“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.




