მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში დღესაც გაგრძელდება

პარლამენტში გვიან ღამემდე გაგრძელდა ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე. კანდიდატებმა უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს, ასევე მათ გააცნეს 2024 წლის სამოქმედო გეგმაც.
გიორგი ამილახვარმა დეპუტატებს ინფორმაცია პედაგოგებისთვის ხელფასების მომატებისა და პროფესიული სწავლების შესახებ მიაწოდა.
ზურაბ აზარაშვილის საუბრის მთავარი თემა რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლების აუცილებლობა და ჯანდაცვის პროგრამები იყო.
“გავიარეთ ყველა ის შედეგი, რომელიც 2023 წელს ჩვენი მთავრობის ჩართულობით, ჩვენი მიმართულებებით შევძელით და მივაღწიეთ. ასევე 2024 წლის გეგმები, სადაც მკაფიოდ და დეტალურად იქნა განხილული ყველა ის გამოწვევა და პროექტი, რომელსაც 2024 წლის განმავლობაში ჩვენი მიმართულებით ვაპირებთ,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ყველაზე მეტი კითხვა ოპოზიციას თეა წულუკიანთან ჰქონდა, მათ შორის – გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესზე.
მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ამით არ დასრულებულა, პროცესი საკანონმდებლო ორგანოში დღესაც გაგრძელდება. პარლამენტში დღეს სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. გამოსვლების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატები დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ.
ხვალ, 7 თებერვალს, მთავრობის განახლებული შემადგენლობა შეხვედრებს გამართავს ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო – ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე