ფსილოციბინის ერთჯერად მიღებასაც კი ადამიანის ტვინის შეცვლა შეუძლია — კვლევა
ფოტო: Shutterstock
4
წაკითხვა
ახალი ნაშრომის თანახმად, ფსილოციბინის ერთი დოზის მიღებამაც კი შეიძლება ტვინში ხანგრძლივი ფიზიკური ცვლილებები გამოიწვიოს, რომლებიც შეიძლება ერთ თვემდეც კი გაგრძელდეს. ცნობისთვის, ფსილოციბინი ფსიქოდელიურ სოკოებში შემავალი ნაერთია.
კვლევაში ჯანმრთელი მოხალისეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ფსიქოდელიური ნივთიერებები აქამდე მიღებული არ ჰქონდათ.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფსილოციბინის მიღების შემდეგ ტვინის “ენტროპია” დროებით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ნერვული აქტივობა უფრო მრავალფეროვანი გახდა, რაც სხვადასხვა საკითხის შესახებ უფრო მრავალმხრივი პერსპექტივის მიღებითაც გამოიხატება. ეს იმაზე შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ნივთიერების გახანგრძლივებულ ეფექტებში შეიძლება თავად ფსიქოდელიური გამოცდილების შინაარსი თამაშობდეს გადამწყვეტ როლს.
ფსილოციბინის მაღალი დოზის მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ტვინის ენტროპია გაზრდილი იყო. მათ, ვისაც ენტროპია მოემატათ, დღის განმავლობაში ემოციების ჩაწვდომის უნარიც გაეზარდათ. გარდა ამისა, მათ მენტალური ჯანმრთელობა 1 თვის შემდეგაც კი გაუმჯობესებული ჰქონდათ.
მკვლევრებმა ტვინის მონიტორინგის მიზნით რამდენიმე მეთოდი გამოიყენეს, როგორც ფსიქოდელიურ გამოცდილებამდე, ასევე მის დროს და 1 თვის შემდეგაც. უნდა აღვნიშნოთ, რომ 28 ცდისპირიდან არცერთს არ ჰქონია რომელიმე მენტალური დარღვევის დიაგნოზი.
პირველ ეტაპზე ცდისპირებმა ფსილოციბინის 1-მილიგრამიანი დოზა მიიღეს. ნაშრომის ავტორებმა ამას პლაცებო უწოდეს. ამის შემდეგ მეცნიერებმა მონაწილეების ტვინის აქტივობა ელექტროენცეფალოგრაფიით (EEG) ჩაიწერეს, რაც სკალპზე ელექტროდების დამაგრებას და ელექტრული სიგნალების ამ გზით ჩაწერას გულისხმობს.
მომდევნო კვირების განმავლობაში მკვლევრებმა ცდისპირების “ჩაწვდომის უნარი”, გუნება-განწყობა და კოგნიტიური უნარები შეაფასეს.
პლაცებოს დოზის მიღებიდან ერთ თვეში მონაწილეებმა ფსილოციბინის 25-მილიგრამიანი დოზა მიიღეს. მკვლევრებმა ტვინის აქტივობას თვალყური EEG-ით მიადევნეს როგორც სესიის დროს, ასევე მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ამან მეცნიერებს საშუალება მისცა, ფსიქოდელიური გამოცდილების ეფექტი პლაცებოს დოზისთვის პირდაპირ შეედარებინათ. 25-მილიგრამიანი დოზის მიღებიდან 60 წუთში EEG-მა ტვინის მაღალი ენტროპია აჩვენა. ეს ნიშნავს, რომ ფსილოციბინის ზემოქმედების ქვეშ ტვინი უფრო მეტ და მრავალფეროვან ინფორმაციას ამუშავებდა.
ერთი თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ცდისპირების ტვინში ნერვული გზები უფრო მკვრივი და უკეთ ორგანიზებული იყო.
გარდა ამისა, 25-მილიგრამიანი დოზის მიღების დღეს 28 ცდისპირიდან 27-მა აღნიშნა, რომ ეს გამოცდილება ცნობიერების ყველაზე უჩვეულო მდგომარეობა იყო, რაც კი ოდესმე გამოეცადათ. ერთმა ცდისპირმა კი განმარტა, რომ ეს ყველაზე უჩვეულო არა, თუმცა 5 ყველაზე გამორჩეულიდან ერთ-ერთი ნამდვილად იყო.
გარდა ამისა, მათი თქმით, ცდისპირებს 25-მილიგრამიანი დოზის შემდეგ უფრო მკვეთრი ფსიქოლოგიური “ჩაწვდომის” მომენტები ჰქონდათ, ვიდრე პლაცებოს დოზის შემდეგ.
მონაწილეებმა გაუმჯობესებული გუნება-განწყობა 2 და 4 კვირის შემდეგაც დააფიქსირეს. მაგალითად, ზოგმა აღწერა, რომ მომავლის მიმართ უფრო ოპტიმისტურად განეწყო ან პრობლემებს უკეთ უმკლავდებოდ. ცდის ჩატარებიდან 1 თვის შემდეგ მონაწილეებმა კოგნიტიური უნარების შემოწმების ტესტებშიც უფრო მაღალი ქულა აიღეს.
ნაშრომის ავტორები გაუმჯობესებულ მენტალურ მდგომარეობას “ჩაწვდომის” მომენტითაც ხსნიან. მათ ასევე იმედი აქვთ, რომ ფსილოციბინზე დაფუძნებულ მკურნალობას გააუმჯობესებენ, რათა პაციენტებს სხვადასხვა მენტალური პრობლემა შეუმსუბუქდეთ. ამისთვის სწორი დოზის პოვნაა საჭირო, რაც ამ ეტაპზე ზუსტად არაა ცნობილი.
ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ ფსილოციბინის დამოუკიდებლად (ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის გარეშე) მიღება სახიფათოა. ამან შეიძლება ხანგრძლივი ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. გარდა ამისა, საქართველოში ამ ნივთიერების მოხმარება, შენახვა, შეძენა და კულტივაცია ისჯება კანონით.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ტესტი: შენ უკეთ იცი წყლის ქიმია თუ სკოლის მოსწავლემ?5564 ნახვა
ტესტი: გადაარჩენდი თუ არა ქვეყანას კიბერშეტევისგან?1482 ნახვა
ქვიზი: გეუბნებით ადამიანთან მსგავსებას და გვითხარი, რომელი ცხოველია1465 ნახვა
ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს1346 ნახვა
კვლევით დადგინდა, რომ მცენარეები წვიმის წვეთების ხმაზე რეაგირებენ1246 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ჯანმრთელობა
მეცნიერების თქმით, სმის შეწყვეტას ალკოჰოლის ზიანის დიდი ნაწილის გამოსწორება შეუძლია
მეცნიერების თქმით, სმის შეწყვეტას ალკოჰოლის ზიანის დიდი ნაწილის გამოსწორება შეუძლია
ტექნოლოგიები
თიბისი ტექსკოლის 3 წელი და ათასობით მოსწავლე მთელი საქართველოდან
თიბისი ტექსკოლის 3 წელი და ათასობით მოსწავლე მთელი საქართველოდან
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
Samsung-ის ჭკვიანი საათი გონების დაკარგვას 5 წუთით ადრე იწინასწარმეტყველებს
Samsung-ის ჭკვიანი საათი გონების დაკარგვას 5 წუთით ადრე იწინასწარმეტყველებს
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ
კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს
Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს
გადახედვა
კოსმოსი
კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე
კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე
გადახედვა
დედამიწა
მიანმაში 11 000-კარატიანი ლალის ქვა აღმოაჩინეს
მიანმაში 11 000-კარატიანი ლალის ქვა აღმოაჩინეს
გადახედვა
კოსმოსი
პენტაგონმა “UFO-ს” კადრები გაასაჯაროვა, მათ შორის Apollo-ს მისიების დროს გადაღებული
პენტაგონმა “UFO-ს” კადრები გაასაჯაროვა, მათ შორის Apollo-ს მისიების დროს გადაღებული
გადახედვა
ადამიანი
ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი
ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი
გადახედვა
ისტორია
შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია
შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია