ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად ქვეყნის საბოლოო განსაბჭოებით იყვნენ დაკავებულები, რეალურად, გასაბჭოებით არიან დაკავებული, – ამის შესახებ ინიციატივა “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.
მისი თქმით, “ეს მხოლოდ გასაბჭოების პროცესი და საბჭოეთის აღდგენა არ არის, ეს არის ნაზავი სხვადასხვა ელემენტების”.
“ჩვენ რეალურად აკრძალვების ქვეყნად ვიქეცით, ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ ინოვაციებზე, ინიციატივებზე. ეს არის მარათონი, სადაც დამარცხდება ის, ვინც პირველი გადაიღლება. მე რაღაც დროის წინ ვთქვი, რომ ჩარხი ამუშავდა, რომელსაც თავისი ლოგიკა აქვს. ეს ჩარხი იმუშავებს მანამ, სანამ ვინმე, ან რამე მას არ გააჩერებს. ამიტომ ეს 26 მაისი იქნება, 27 თუ რამე სხვა თარიღი, ეს პროცესი გააგრძელებს მიმდინარეობას. ჩვენ გამოცდა მოგვიწყო დრომ. თანამედროვე ჰიბრიდული რეჟიმები ასეთი ხასიათის საოცარი სიცოცხლისუნიარიანობით გამოირჩევიან და მათი დამარცხება არცთუ ისე იოლი საქმეა”, – განაცხადა ყიფიანმა.
მან ქვეყნის შიდა ცვლილებების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “საჭიროა ქვეყნის განორმალურება“.
“ჩვენ რომ შევახტეთ იმ პროცესს, რომელიც რეგიონში ჩვენი როლის გამოკვეთას და დაწინაურებას შეიძლება მოემსახუროს, ეს შიდა ცვლილებები, განორმალურება ქვეყნის, რასაც უნდა მოჰყვეს უკვე შესაბამისი ხელისუფლების სახით ქვეყნის სახელით საუბარი, როგორც რეგიონულ პარტნიორებთან, ასევე არარეგიონულთან, როგორც ყოველთვის კრიტიკული და გადაუდებელი მნიშვნელობისაა. დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს. დაჩქარებაში იგულისხმება ის, რომ ქვეყნის წარმომადგენლობის მანდატი როგორც შინ, ასევე გარეთ, უნდა გადავიდეს კომპეტენტური ძალის, ან ძალთა ხელში”, – განაცხადა ყიფიანმა.




