თამარ ჩარკვიანი, რომელსაც ვიდრე სახლიდან აუშვებენ, ალბათ დამაწყნარებელი უნდა მიართვან – თეა წულუკიანი

გელათთან დაკავშირებით რასაც ვამბობ, გაუგებარია ადამიანებისთვის, რომლებსაც შინაარსის გამოტანა უჭირთ, მაგალითად, თამარ ჩარკვიანი, რომელსაც ვიდრე სახლიდან აუშვებენ, ალბათ დამაწყნარებლები უნდა მიართვან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში განუცხადა.
მისი თქმით, 2022 წლის 4 ოქტომბერს საპატრიარქომ, როგორც გელათის სამონასტრო კომპლექსის მესაკუთრემ, ოფიციალური წერილით მოსთხოვა სამინისტროს ყველა ტიპის სამუშაოს შეჩერება, რაც მათ გააკეთეს.
„ხშირად ისმოდა ოპოზიციის ანგაჟირებული კითხვები გელათთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ 2022 წლის 4 ოქტომბერს საპატრიარქომ, როგორც გელათის სამონასტრო კომპლექსის მესაკუთრემ, ოფიციალური წერილით მოგვთხოვა ყველა ტიპის სამუშაოს შეჩერება, რაც ჩვენ გავაკეთეთ და სხვაგვარად ვერც იქნებოდა. ამის შემდეგ გაიმართა მოლაპარაკებები, რომლებიც დასრულდა ისე, რომ 2023 წლის 6 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს წერილობით დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის სრულად რეაბილიტაციის პროცესზე თვითონ საპატრიარქო, როგორც მესაკუთრე, იღებს ვალდებულებას და ამაში, რა თქმა უნდა, სამინისტრო აღარ და ვეღარ ერევა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.