ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
731 საჰაერო დარტყმა ერთ დღე-ღამეში. დღეს კიევმა ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჯოჯოხეთი გამოიარა. ღამე აფეთქების ხმამ გამომგლიჯა ძილს. ეს არ იყო უბრალოდ ხმა, კედლები – ზანზარებდნენ, თითქოს ფანჯრებს დაურა რაღაც მაგნიტურმა ტალღამ. მეგონა რომ კედელს მივეწებებოდი. ღრმად მეძინა, მაგრამ ტანსაცმლით. მაშინვე მივხვდი: ეს ის დაპირებული ბალისტიკაა, რომელზეც მეუბნებობდნენ – ყველაზე ღრმა ძილიდანაც გამოგაფხიზლებსო.
მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ეს ხმა იქვე, მეზობლად, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ხმაც იყო. რომ ეს დარტყა ნიშნავდა იმას, რომ სადღაც იქვე, ორი ქუჩის გადაღმა ვიღაცის სიცოცხლე შეწყდა. ვიღაც ჩემნაირის, ღრმა ძილში მყოფის, დაბნეულის, შეშინებულის. ჩავყავი ფეხები ჩუსტებში. და ვნახე კიბეებზე დაშვებული ნახევრად მძინარე ადამიანები. ზუსტად სამ წუთში თავი ამოვყავი თავშესაფარში, სადაც სუნთქვის ადგილიც აღარ დარჩა. ვიპოვე სკამი და ჩემთვის მივიკუნტე.
უკრაინაში სირენებს მიეჩვივნენ, რეაქციაც კი გაუფერულდა, მაგრამ ეს სხვა იყო. ეს ხდებოდა ჩვენს თავზე, ჩვენს ფილტვებში. დენთის სუნი, აფეთქების ტალღა და ის საზარელი სიახლოვე, რომელიც არაფერს გიტოვებს შოკის გარდა.
მთელი ღამე ბუნკერში გავატარეთ. გამთენიისას ნომერში ასულს კი კოშმარი დამხვდა: ფანჯრის მიღმა უშველებელი კვამლი და დამწვრის სუნი, რომელიც ყელში გიჭერს. კორპუსი ჩამონგრეულა და ადამიანები მოყვნენ.
დილით ჩამოვედი საუზმეზე. თვალებდასიებული, ღამენათენი ხალხი, ხელის ცეცებით ცდილობს ყავის ჩამოსხმას. სიჩუმეა, ისმის მარტო თეფშების წკარუნის ხმა. ახლა შევამჩნიე, რომ ყავის აპარატის ხმა ძალიან გავს რაკეტის ე.წ. “პრილიოტის” ხმას. მახსოვს 2008 წელს როგორ მოვიძულე ყველა ის საყოფაცხოვრებო ხმა, რომელიც ომის ხმას მაგონებდა: თვითმფრინავის გადაფრენის, ნაგვის ბუნკერების გატანის. ამ ფიქრებში ვიყავი და გაისმა ისევ სირენის ხმა: მაგრამ ამჯერად განგაში შეწყდა. მორჩა. და ეს უცნაური, თითქმის არაბუნებრივი სიჩუმე წამებში ბიონსეს სიმღერამ შეცვალა. და ჩვენი მისტიკური სასტუმრო ჩვეულებრივ სასტუმროს დაემსგავსა.
ვიღაცისთვის ცხოვრება დასრულდა, ვიღაცისთვის კი უბრალოდ გაგრძელდა.
სასტიკი, აბსურდული და დაუნდობელი ომი გრძელდება.





