რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების“ რატიფიცირება მოახდინა.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე „რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“ კანონი დაამტკიცა.
კანონპროექტი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წარადგინა.
ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“ „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების“ შექმნას ითვალისწინებს.
დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერმა ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს.


