სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას დაესწრო

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას დაესწრო.

ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ რეზოლუცია გუშინ, 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად საუბარია იმაზე, რომ გმობენ საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, შეინარჩუნონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება მანამ, სანამ არ მოხდება პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულება, კერძოდ, „პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემა და ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა გამოხატვის უფლებები, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვა და თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“.

მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიულ აქტორებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და აკადემიურ დაწესებულებებს; მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, საჯაროდ დაგმოს უცხოური ჩარევა, განსაკუთრებით რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე.

ამასთან, რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ შეიძლება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებმა შეუქმნას და მოწოდებით გამოდის, რომ გაწევრიანების პერსპექტივა ღია დარჩეს იმ პირობით, რომ პოლიტიკური წინაპირობები შესრულდება და მოქმედი მთავრობის მიერ კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმები დასრულდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია