საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, საუბარი უნდა დავიწყოთ მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრით, სადაც პრემიერი ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სონატა კოტლერს შეხვდა.
ერევანში, 4-5 მაისს, ევროპის პოლიტიტური თანამეგობრობისა და ევროკავშირ-სომხეთის გარათული სამიტების შემდეგ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი შეხვდა, ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას კორექტივები შეაქვს თავის საგარეო პოლიტიკაში როგორც ევროპის, ისე აშშ-ს მიმართულებით.
აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ გამართულ შეხვედრაზე მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ – „საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის და სტრატეგიული პარტნიორობის „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების შესახებ. ასევე ითქვა, რომ ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია „შუა დერეფნის“ თემა.
ვაშინგტონელი სტუმრის თბილისში ჩამოსვლამდე ანაკლიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და თავდაცვის მინისტრები. ხელისუფლება ამტკიცებს რომ ანაკლიის პორტის ასაშენებლად სამუშაოების მიმდინარეობს.
რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს აშშ-თან დაალაგოს ურთიერთობები, მათ შორის ისეთ საკითხში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მიმართ ინტერესი აშშ-მ ბევრჯერ გამოთქვა.
თუ საქართველოს ხელისუფლება აშშ-თან ურთიერთობებს ალაგებს, გაქვთ განცდა, რომ აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგება „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყება და ანაკლიის პორტსაც შეეხება?
– გეოგრაფია ბედისწერაა, როგორი დესტრუქციული ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის სრულად უგულებელყოფა შეუძლებელია. საქართველო ერთდროულად მიეკუთვნება სამხრეთ კავკასიის რეგიონსაც და შავი ზღვის აუზის ზონასაც. ამასთანავე, საქართველო ღია ზღვასთან აკავშირებს ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანას.
რუსეთ-უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილის საომარ სივრცედ ქცევის კვალდაკვალ, ბუნებრივია, დასავლეთისთვისაც, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისთვისაც და ცენტრალური აზიისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „შუა დერეფანს“.
„შუა დერეფანი“ არის ერთადერთი კოზირი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ხელთ უპყრია „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, რომ დროდადრო „შუა დერეფნის“ ექსპლუატაციის საკითხებზე საქართველოს ფაქტობრივ ხელისუფლებასთან მსჯელობის სურვილი უჩნდებათ დასავლურ სახელმწიფოებს.
ამგვარ დისკუსიებში „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი მიზანი აქვს, „შუა დერეფნით“ სარგებლობის შემთხვევაში აშშ-მ და ევროკავშირმა დაათბონ ურთიერთობები საქართველოს მმართველ ელიტებთან, ხელი ჩაიქნიონ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის მხარდაჭერაზე და შეეგუონ, ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვან ივანიშვილის მმართველობის უსასრულოდ გახანგრძლივება.
მანამ, სანამ ქართული საზოგადოება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ფლანგიდან წინააღმდეგობას უწევს ავტორიტარულ რეჟიმს, ევროკავშირი და აშშ საქართველოს ტაჯიკეთის მსგავს სისტემად არ აღიარებენ.
მოკლედ, სასწრაფოდ გადასაწყვეტი ცენტრალური საკითხების განსახილველად კვარტალში ერთხელ აუცილებელი ხდება ივანიშვილის კაბინეტის წევრებთან დალაპარაკება. დარწმუნებული ვარ, ამგვარი კომუნიკაცია ხშირად ჩვეულებრივ, იაფფასიან ვაჭრობას ემსგავსება ხოლმე.
ამ ეტაპზე არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-სთან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს. საქმე გვაქვს რამდენიმე ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემის გადაწყვეტის მცდელობასთან.
ზოგადად კი კიდევ ერთხელ უნდა გავუმეოროთ ერთმანეთს, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა არცერთ ფრონტზე არ არის წარმატებული. დასავლეთი და ევროკავშირი გადაკიდებული ჰყავთ, ახლო აღმოსავლეთის ფლანგზე ხან „ჰამასისა“ და „ჰესბოლას“ ლიდერების გვერდით დგანან, ხან ისრაელის ულტრანაციონალისტ მინისტრ ბენ-გვირს უმაგრებენ ზურგს. ქვეყანა რუსეთის გავლენის ზონად აქციეს, მაგრამ ოფიციალურ მოსკოვთანაც არ აქვთ დალაგებული საქმე.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის ურთიერთობა „ულბრიხტის ტელეფონის“ პრინციპს ეფუძნება. არსებობს გადმოცემა, რომ სტალინსა და აღმოსავლეთ გერმანიის პირველ ლიდერს, ვალტერ ულბრიხტს შორის კავშირი სპეციალური წარმოების ტელეფონით მყარდებოდა.
ულბრიხტის აპარატს მიკროფონი არ ჰონდა. მას შეეძლო აეღო ყურმილი, მოესმინა რა ბრძანება მოდიოდა მოსკოვიდან, მაგრამ საკუთარ აზრის გამოთქმის საშუალებაც არ ეძლეოდა, მცირე წუხილსაც კი ვერ მიაწვდიდა ბატონს.
„ულბრიხტის ტელეფონით“ მომუშავე მთავრობა ანაკლიის პორტის საკითხს დასავლეთის სასარგებლოდ ვერ გადაწყვეტს.
– როცა ანაკლიის პორტზე ვსაუბრობთ, პირველი რაც გვახსენდება ისაა, რომ 2020 წელს, ამ უკვე აშენებულ პორტში პირველი გემი უნდა შემოსულიყო. ასევე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი – „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“.
იმის ფონზე, რომ ევროპულ სტრუქტურებთან საქართველოს ურთიერთობების დალაგებას მაინცადამაინც კარგი პირი არ უჩანს, გარდა „შუა დერეფანთან“ დაკავშირებით ევროპის ინტერესის გარდა, როგორც ჩანს, ოფიციალური თბილისი ცდილობს თავის საგარეო პოლიტიკაში კორექტივების შეტანას.
სომხეთზე გამავალი „ტრამპის გზა“, მისი ამოქმედების შემდეგ რომ საქართველოს შუა აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთების მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ამით რომ ქვეყანა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ სატრანზიტო ფუნქციას რომ ნაწილობრივ მაინც დაკარგავს, უკვე ბევრჯერ და ბევრიც ითქვა.
საქართველოში ნატოს სპეცწარმომადგენელი კევინ გიმილტონი ჩამოვიდა. წინა წლებში ნატოელის ვიზიტი თბილისში, ჩვეულებრივი ამბავი იყო. ორი წლის წინ, ან თუნდაც, ერთ წლის წინ წარმოუდგენელი.
თუ დავუშვებთ რომ „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეაქვს, იმის გათვალისწინებით რომ „ოცნებას“ ვაშინგტონთან ვაჭრობის არც ისე დიდი შესაძლებლობა აქვს, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ვაშინგტონი და თბილისი, თბილისის როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის საკითხებზე?
– დაბეჯითებით შემიძლია მეორედ განვაცხადო: ჯერჯერობით ვერ ვხედავ სერიოზულ ნიშნებს იმისა, რომ საქართველო თავისი საგარეო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს. საქმე მხოლოდ ეკონომიკურ გათვლასთან გვაქვს.
ივანიშვილის მიზანია, რომ „შუა დერეფნიდან“ რაც შეიძლება მეტი კაპიტალი გამოწუროს და სატრანზიტო ჯაჭვის წყალობით დამატებითი მნიშვნელობა შეიძინოს დასავლეთისა თუ აღმოსავლეთის ზოგიერთი ლიდერისთვის. საგარეო პოლიტიკის ცვლილება რამდენიმე მოლაპარაკებით და სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის ვიზიტით ვერ განხორციელდება.
საგარეო პოლიტიკა იცვლება ისეთი ღონისძიებებით, როგორიც რამდენიმე დღის წინ სომხეთში გაიმართა, ევროპელი ლიდერები მეზობელი ქვეყნის პროვინციებში მოგზაურობასაც არ ერიდებოდნენ ცვლილების დასადასტურებლად გაიხსენეთ გიუმრიში ხალხის მასებთან ერთად მოსეირნე საფრანგეთის პრეზიდენტი.
თქვენ მიერ ნახსენები „ტრამპის გზის“ მომავალიც ძალიან ბუნდოვანია. ირანში აიათოლების რეჟიმი დროებით მაინც გადარჩა, სომხურ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული კონსენსუსი ქვეყნის რეგიონალური როლის თაობაზე. შესაბამისად, სომხეთზე გამავალი დერეფნის დატვირთვა რამდენად ინტენსიური იქნება ამას მომავალი ათწლეული გვიჩვენებს.
ოლიგარქის გუნდს სტრატეგიული აზროვნება არ ახასიათებს, მათი ფილოსოფია ასეთია: მომავალში ქვა ქვაზე არ დარჩენილა, მთავარია, დღეს შევძლოთ ჩვენ კაპიტალის დაგროვება. შესაბამისად, 10-20 წლის შემდეგ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის დაკარგვის შიში მათ ნამდვილად არ უნდა აწუხებდეთ.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელია მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კონტურები გამოიკვეთება. საუბედუროდ, ჯოჯოხეთს ბოლო არ უჩანს.
შესაბამისად, „ქართული ოცნებაც“ გააგრძელებს პოლიტიკას, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს: საქართველო პოლიტიკურ რუკაზე მოინიშნოს, როგორც ნაცრისფერი, უსახელო სივრცე, ივანიშვილის ტერიტორია; ეკონომიკურად კი იყოს დერეფანი, რომლითაც ნებისმიერი ისარგებლებს, განსაკუთრებით კი სპეკულაციურ დარგებში ჩართული სუბიექტები.
– დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოფიციალურ ხელისუფლებას დასალაგებელი აქვს ურთიერთობები არა მხოლოდ ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, არამედ ქვეყნის მოსახლეობასთან, რომლის ნაწილი მისი ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ ცნობს და პროტესტშია.
ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებამ, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინვ გადაგა ნაბიჯები. იგულისხმება როგავა, მაისაშვილისა და კიდევ სხვების მიმართ აქციებისას ძალადობრივ ფაქტების ჩამდენების დაკავება. მაგრამ, იმავე დღეს სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმის ფიგურანტებს 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა,
აღარაფერ ვამბობ 2 დღის წინ ჯაშუშობისთვის დაკავებულის ამბავზე. არადა, „ჯაშუშებს“ რომ კიდევ დააკავებენ, დაანონსებულია.
ფაქტია, რომ აქციებისას კანონის დამრღვევ სამართალდამცავთა მხოლოდ ნაილის დაკავება საკმარისი ვერანაირად ვერ იქნება. ასეა, რადგან აქციების დაშლისას ადგილი ჰქონდა ძალადობის სისტემურ და მასიურ შემთხვევებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თვლის რომ „ქართულ ოცნებას“ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების“ შიში აქვს და ამიტომ ახლა სისტემის გადარჩენას ცდილობს, ჯერ არანაირად არ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ უარი აქვს ნათქვამი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე. არც ის ჩანს, რომ ხელისუფლება იმათ დაიჭრს, ვინც აქციებისას მას მისივე დავალებით იცავდა.
საზოგადოების იმ ნაწილთან ურთიერთობების შერბილებაში, რომელიც მას ოპონირებას უწევს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება?
– არ მეგულება გონიერი ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ უსასტიკესი დარბევის ხუთი მონაწილის დაკავებით „ქართული ოცნება“ შერიგებისა და შერბილების გზას დაადგა. წესიერი და ოდნავ პატიოსანი ხელისუფლება რამდენიმე კვირაში დააკავებდა მოძალადეებს, რომლებიც თბილისის ქუჩებში ასისხლიანებდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს.
ორი წლის თავზე ათობით დამნაშავის ნაცვლად ხუთი დამრბევის დაკავება არის ნაცემ-ნაგვემი მოქალაქეების დაცინვა. მოქალაქეების აბუჩად აგდებაა ისიც, რომ ხელისუფლება უარს ამბობს სისტემური პრობლემების აღიარებაზე, ბრძანების გამცემთა დაპატიმრებაზე, აქციების დაშლის სტანდარტის ხელახლა განსაზღვრაზე.
პირიქით, ისინი გვიმტკიცებენ, რომ ძალადობრივმა სისტემამ კონსტიტუციური წესრიგი გადაარჩინა; ვინმე ხარაზიშვილის მსგავს ფიგურებს ღირსების ორდენითა და დაფნის გვირგვინით აჯილდოვებენ, ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს იჭერენ და ა.შ.
„ქართული ოცნების“ ამგვარი ქმედებები შეიძლება აიხსნას იმით, რომ ხელისუფლებას სიმბოლური ალიბი მაინც სჭირდება საერთაშორისო შეხვედრების დროს, თუნდაც მაშინ, როდესაც „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის თაობაზე ჩამოუგდებენ სიტყვას.
რიტორიკებს შორის სხვაობა მხოლოდ სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლებითა და სხვადასხვა როლებით არის განპირობებული
ივანიშვილს აღარ შესწევს ძალა იმისა, რომ მთელი საზოგადოებისგან მოიპოვოს აღიარება. ოლიგარქსა და მის ვერტიკალს მოქალაქეებად მიაჩნიათ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მათ ეთანხმებიან ან წინააღმდეგობის გარეშე ეგუებიან ავტორიტარიზმს. ვინც ხმას იღებს, ის არათუ მოქალაქე, არამედ ადამიანიც კი არ არის ამ სისტემის თვალში, რადგან ჩვენნაირების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება, უმუშევრად დატოვება, გარიყვა, დეჰუმანიზაცია ნებადართულია.
– გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სულაც არ სიამოვნებს რომ ევროპელები მასთან მხოლოდ „შუა დერეფნის“ გამო ურთიერთობენ. ან ამერიკელები მხოლოდ ანაკლიის პორტის გამო.
ისიც გასაგებია რომ მას ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება რომ სდომოდა, ამას აქამდეც გააკეთებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მის გეგმებში არ შედის. ამის კარგი მაგალითია ევროპის დღისადმი პარლამენტის სპიკერის შალვა პაუაშვილის მილოცვა- მიმართვა ევროკავშირის ელჩის მიმართ.
პოლიტიკის ანალიტიკოსის დავით ზურაბიშვილის შეფასებით – „აი, ყველანაირი მოლოცვა მინახავს: გულწრფელი, ფორმალური, ცალყბა, გოთვერნული და ა. შ. მაგრამ მილოცვა ვრცლად გაშლილი დედისგინებით პირველად ვნახე. წარმოდგენაც კი მზარავს გერმანიის ელჩს რომ მიულოცავს რამე ეროვნულ დღესასწაულს, მაშინ რას დაწერს.“
რომც ვიფიქროთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ცდილობს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგებას, ყველა შემთხვევაში ეს მილოცვაც, უცნაურად გამოიყურება.
ისიც გასაგებია რომ „ქართული ოცნება“ ევროპისა და ამერიკელების მიმართ წლების მანძილზე ტრადიციად ქცეულ რიტორიკას ვერ შეცვლის, თუნდაც იმიტომ რომ თავის ამომრჩეველს დაკარგავს.
მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ დასავლელი პარტნიორების მიმართ კონსტრუქციული მიდგომები, ხოლო პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილის კონფრონტაციული რიტორიკა?
– „ოცნების“ პოლიტიკურ თეატრში ყველას თავისი როლი აქვს. ირაკლი კობახიძე ფორმალურად ნომერ პირველი პოლიტიკური პირია, მას უფრო ხშირად უწევს საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა. კობახიძე ჩაკეტილი ადამიანია. ოპონენტებთან, მედიასთან ურთიერთობა მისთვის დისკომფორტია. მასთან დებატების პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ მცირე წინააღმდეგობის პირობებშიც კი ძალიან იძაბება და იბნევა. შესაბამისად, ის სხვებთან შედარებით უფრო პასიურია, სხვებთან შედარებით ოდნავ უფრო ფრთხილია უცხოელი კოლეგების ლანძღვა-გინების დროს.
ბატონი პაპუაშვილი კი მგზნებარე აქტივისტია. ის მზად არის ორჯერ უფრო მეტად აგრესიული იყოს, ვიდრე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ტექნოლოგიას სჭირდება. მას თავის გამოჩენა სურს, მისი ამოცანაა, რომ რომის პაპზე უფრო კათოლიკე იყოს.
პაპუაშვილი ივანიშვილს მიანიშნებს, რომ მუხრუჭი არ აქვს, მულტიფუნქციურია, არფერზე არ დაიხევს უკან, არ ეშინია არც კრიტიკის და არც წინააღმდეგობის, არ ენაღვლება „რას იტყვის მასზე შთამომავლობა“. აქედან გამომდინარე, ბატონი შალვა არ ერიდება იუმორისტული ფეისბუკ-სტატუსების სერიოზულად განხილვას, შეუძლია, რომ თანამედროვე საქართველო „ილია ჭავჭავაძის ოცნების აღსრულებად“ გამოაცხადოს და ა.შ.
ერთი სიტყვით, ორი პოლიტიკოსის რიტორიკებს შორის სხვაობა მხოლოდ სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლებითა და სხვადასხვა როლებით არის განპირობებული. პოლიტიკური სიღრმე ფუნქციათა ამგვარ გადანაწილებაში არ იკითხება.
– ვიდრე საშინაო პოლიტიკასა და კერძოდ ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ მდგომარეობას შევეხებით, გვერდს ვერ ავუვლით გასულ კვირას ფასების კომისიის მიერ მუშაობის დასრულებას და მათ მიერვე დადებულ დასკვნას.
ასევე იმას, რომ ევროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ დაანონსა მოქალაქეებისათვის სესხის გაძვირება.
ორივე თემაზე საკმაოდ ვებრი აზრი კი მოვისმინეთ, ერთნი ფასების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ, მეორენი ამ პროცესებს ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას უკავშირებენ, რის გამო ქვეყანაში ევროპული და ამერიკულა კაპიტალი არ შემოდის.
საონტერესოა, თქვენ როგორ შეაფასებდით ერთ მხრივ ფასების კომისიის დასკვას და მეორე მხრივ მოქალაქეებისათვის სესხების გაძვირებას? სავარაუდოდ, ეს პროცესები ერთმანეთტან რა კავშირშია და ამ თვალსაზრისით რას შეიძლება ველოდოთ?
– პატიოსან და კომპეტენტურ საპარლამენტო კომისიას ფასებზე მსჯელობის დროს ყურადღება ორ ფაქტორზე უნდა გაემახვილებინა. კომისიას უნდა ემსჯელა მოქალაქეთა შემოსავლის სტრუქტურასა და ქვეყანაში პროდუქციის წარმოების წესზე.
როგორია საქართველოში მოქალაქეთა შემოსავალი? ჩვენთან არ მოქმედებს მინიმალური ხელფასის კანონი, საშუალო ხელფასი ხშირად ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან, ღირსეულ სარსებო მინიმუმს, პენსიას შემწეობის ფორმა აქვს და ვერც იცავს მოხუცს სიღატაკისგან, მოქალაქეთა შემოსავლის მესამედი ხშირად ვალის უზრუნველყოფაში იხარჯება, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ადამიანს კაბალური საპროცენტო განაკვეთისგან დაიცავდა.
ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის მისაღებადაც ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი საშუალო და დაბალი ფენის ოჯახებს ეკისრებათ. შემოსავლის ამგვარ სტრუქტურაში ადამიანებს უწევთ არჩევანის გაკეთება წამალსა და საკვებს, სამოსელსა და საკვებს, ვალის გადახდასა და საკვებს შორის, რაც უმთავრესი სადარდებელი უნდა იყოს პასუხისმგებლობის მქონე ყველა ხელისუფლებისა თუ მის მიერ შექმნილი კომისიისთვის.
ან დააკვირდით, როგორ იწარმოება სურსათი საქართველოში? ჩვენი სოფლის მეურნეობა მკვდარია, ვერ ვახერხებთ შიდა ბაზრისთვის საკმარისი პროდუქციის წარმოებას, პრიმიტიულ დონეზე მუშაობს კვების მრეწველობა. მთლიანად ვართ დამოკიდებული იმპორტზე, საცალო ვაჭრობის სფერო დაპყრობილი აქვს „ფორბსის“ მილიონერთა სიაში შესულ ოთხ-ხუთ კომერსანტს.
ცხადია, ასეთ ვითარებაში პირველადი მოხმარების პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდაზე საუბარი შეუძლებელია.
ცინიკური გახლდათ ისიც, რომ სურსათის გაიაფებაზე სხვებთან ერთად მუშაობდა ხუთი უმდიდრესი პარლამენტარი, რომელთაც, ალბათ, წლებია სუპერმარკეტის კარები არ შეუღიათ და არ იციან, რას ნიშნავს ოჯახის მომარაგების მიზნით მაღაზიიდან მაღაზიაში სირბილი შედარებით იაფი წიწიბურას აღმოსაჩენად. ნულოვანი მგრძნობელობით ასეთი პრობლემის აღმოფხვრა შეუძლებელია.
სპეციალისტთა გაოცება გამოიწვია იმანაც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომისიაზე არ დაუბარებიათ, მაგრამ სუს-ის ფასების რეგულირების საქმეში მონაწილეობაზე არაერთხელ მიანიშნეს. მოკლედ, როგორც ჩანს, ამ კომისიის მუშაობის მიზანი იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და სასურსათო ქსელურ მაღაზიებს შორის ურთიერთობების გარკვევა იყო. როგორც კრიმინალური ავტორიტეტები არჩევენ საქმეს, ასე გაარჩია საქმე ახლადგამომცხვარმა პოლიტიკოსმა ბერეკაშვილმა.
ვალებიც ძვირდება, ფასებიც არ შეიცვლება, კომისიის მუშაობა ჩავარდა. მრავალთვიანი პროცესის შემდეგ ერთადერთ შედეგს შეიძლება მივაღწიოთ: სუპერმარკეტებში გაჩნდება „ღარიბების კუთხე“, მეორეხარისხოვანი ადამიანების დახლი, სადაც სამადლოდ, ოდნავ უფრო იაფად გაყიდიან რამდენიმე სახის განსაკუთრებით უხარისხო პროდუქტს შიმშილის ზღვარზე მყოფი პირებისთვის.
აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ღირსეული და სუვერენული მთავრობა პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასთან ერთად, მათ ხარისხზეც იმსჯელებდა.
ხანდახან ვფიქრობ, რომ „ფასების კომისია“ ერთგვარი პროვოკაცია იყო, რომელიც ირაკლი კობახიძეს მოუწყვეს, რათა კიდევ ერთი მკაფიო მიზეზი ჰქონდეთ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მის გასაძევებლად.
– ვხედავთ, რომ ოპოზიციურ ფლანგი ვერა და ვერ ახერხებს ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნას.
„ოპოზიციურ ალიანსში“ მცირე გამონაკლისის გარდა ის პოლიტიკური ჯგუფები გაერთიანდნენ, ვინც „ნაცმოძრაობაში“ მანამდეც იყო, ან „ნაცმოძრაობას“ გულშემატკივრობდა. ცოტა ხნის წინ „ოპოზიციური ალიანსში“ აზრთა სხვადასხვაობა იყო ციხის საკანში მყოფ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე. როგორც ჩანს, „ოპოზიციური ალიანსი“ ასე განაგრძობს საქმიანობას.
ვიცით, რომ მასში შემავალ პარტიების გაუქმებაზე ხელისუფლებას სარჩელი აქვს შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. არა ვარ დარწმუნებული რომ სასამართლო ამ პარტიებს გააუქმებს, მაგრამ ეს პროცესი ისე გაიწელება, მასში გაერთიანებულ პარტიებს დანამდვილებით არ შეეძლებათ იმის თქმა, შეეძლებათ თუ არა ან ვადამდელ, ან 2028 წლის არჩევნებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას.
„ლელო“ და გახარიას „საქართველოსთვის“ ცდილობენ საზოგადოებამ ისინი „ნაცებთან“ არ გააიგოვოს, მაგრამ, ვხედავთ იმასაც, რომ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, ისინი ახერხებენ გაძლიერებას.
თქვენ როგორ შეაფასებდით ოპოზიციური ფლანგის ერთ ნაწილში არსებულ ვითარებას?
– საქართველოში ოპოზიცია ერთიანი არასდროს ყოფილა. მიუხედავად ამისა, ყოველი საარჩევნო ციკლის მოახლოებისას იწყება დაუსრულებელი, ფუჭი მსჯელობა ოპოზიციის გაერთიანების შესახებ.
ძალიან კონტრპროდუქტიულია, როდესაც პოლიტიკური კლასი ვნებით, შეუჩერებლად, ისტერიულად ლაპარაკობს იმაზე, რაც არასდროს მომხდარა და დიდი ალბათობით, არც არასდროს მოხდება მეორე რესპუბლიკის ისტორიაში.
ოპოზიციას გაერთიანება კი არა, გამსხვილება და ფლანგებად დაჯგუფება სჭირდება. ძალიან ლოგიკური და ადეკვატურია, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მსხვრევის შედეგად წარმოქმნილი ნატეხები კვლავ ერთ მოზაიკად იკვრება.
ამომრჩეველს არ სჭირდება ათი ნეოლიბერალური პოლიტიკური ძალა, ეს უშინაარსო სიმრავლე ხმებს ჰყოფს, ფრაგმენტირებულ ველზე გზის გაგნებას ართულებს. თუმცა, ყველა ვამჩნევთ, რომ ძალიან მცირეა „ალიანსის“ გადარჩენის შანსი.
„ალიანსის“ სიმყიფეს უამრავი წინაპირობა აქვს. ჯერ ერთი, ლიდერები ელემენტარულ ეთიკაზე ვერ შეთანხმებულან, სააკაშვილი ჩვეულ სტილში მუდმივად თავს ესხმის კოლეგებს, ისინიც უპასუხოდ არ ტოვებენ პატიმრის შეურაცხმყოფელ რეპლიკებს, გაერთიანების წევრებს შორის კინკლაობას ბოლო არ უჩანს.
გარდა ამისა, გაუგებარია, თუ რა სტრუქტურა აქვს დასახელებულ ერთობას. „ალიანსი“ არც წინასაარჩევნო ბლოკია, არც კოალიცია, ბოლომდე არც ოპოზიციური საკოორდიანაციო საბჭოს ფორმა აქვს. არავინ იცის, როგორ არის დანაწილებული შრომა სუბიექტებს შორის. დღევანდელი გადმოსახედიდან, „ალიანსი“ მხოლოდ ორ მიზანს ემსახურება: 1. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთობლივ კომუნიკაციას და 2. საერთო საპროტესტო აქციების ორგანიზებას. მხოლოდ ეს ორი, ზედაპირული მიმართულება მყარი კავშირის შეკვრისთვის საკმარისი არ იქნება.
რაც შეეხება, „ლელოსა“ და გახარიას პარტიას. ნამდვილად დასაფასებელია, რომ „ლელო“ „ყვითელი ნაცმოძრაობის“ იარლიყისგან გათავისუფლებას ესწრაფვის, გახარიას გუნდი კი თვითმყოფადი პარტიის საზღვრების მშენებლობაზე წლებია მუშაობს. თუ დაგვიანებული არ არის, ამ გზით სიარული ორივე ძალას გამოადგება.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ „ლელოცა“ და გახარიას პარტიაც უთავო მხედრებს ჰგვანან. ექს-პრემიერი „ვიდეოთვალითაც“ აღარ ელაპარაკება ქართულ საზოგადოებას, ბანკირები კი ციხის შემდეგ აშკარად გატყდნენ და სერიოზულ წინააღმდეგობაზე ხელი ჩაიქნიეს. დასახელებულ პარტიათა მეორე რიგის ლიდერებს დამფუძნებელთა გააქტიურების გარეშე ძალიან გაუჭირდებათ საგულისხმო შედეგებისთვის ბრძოლა.
– ფაქტია რომ რუსთაველის აქციების პარალელურად ქვეყანაში ოპოზიციურ ფლანგზე არა ერთი ახალი მოძრაობა და პოლიტიკური გაერთიანებები ყალიბდება.
მათი უმეტესობა მონაწილე იყო და ახლაც ასეთად რჩება ქუჩაში დაწყებული პროტესტის, რომელიც ხელისუფლებისაგან ევროპულ კურსის უარის თქმას აპროტესტებდა.
ასეთია თქვენი “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის”. ჩვენ გვახსოვს თქვენი აქტიურობა და სოლიდარობა ჭიათურელი მაღაროელების მიმართ. ბევრი მათი ოჯახი უსახლ-კაროდ დარჩა, რამდენიმეს პატიმრობა მიესაჯა თქვენი მოძრაობის სხვა აქტივობებიც გვახსოვს.
სოლიდარობა, მითუმეტეს სოციალური საკითხების გამო მხოლოდ მისასალმებელი და საშური საქმე, მაგრამ, ფაქტია რომ ქართულ პოლიტიკურ კულტურაში სოციალურ საკითხებზე საზოგადოება ნაკლებად ავლენს აქტიურობას. სოციალური პრობლემების გამო ქუჩაში გამოსული ხალხი ქვეყნის უახლოეს ისტორიას არ ახსოვს.
თქვენ როგორ შეაფასებდით თქვენს საქმიანობას, რა გეგმები გაქვთ?
– ჩვენი მთავარი მოკლევადიანი პოლიტიკური გეგმა მოძრაობის პარტიად გადაკეთება გახლავთ. გვაქვს ამბიცია და სურვილი იმისა, რომ შევქმნათ ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიც ასზე მეტი წელია საქართველოს არ ჰყოლია. ახალი სოციალ-დემოკრატიული პარტია სამი ნიშნით – სტრუქტურით, პროგრამითა და პოლიტიკური კულტურით იქნება გამორჩეული.
ვაშენებთ მონაწილეობით, ნამდვილ დემოკრატიაზე დაფუძნებულ, დეცენტრალიზებულ და ჰორიზონტალურ სტრუქტურას, სადაც თითოეულ წევრს სიტყვა ეთქმის, სადაც სტრატეგიული გადაწყვეტილებები მეტწილად კონსესუსის გზით მიიღება, სადაც მმართველობა კოლექტიურია და არა ინდივიდუალური.
წელიწადზე მეტია ვმუშაობთ პროგრამაზე, მალე გამოვაქვეყნებთ პროგრამული პრიორიტეტების ახალ დოკუმენტს. მოძრაობის ძალიან კომპეტენტური წევრები ექსპერტებთან და რიგით მოქალაქეებთან თანამშრომლობით წერენ ქვეყნის ალტერნატიული განვითარების პროექტს, რომლის მთავარი ხაზი სოციალური სამართლიანობასა და მწვანე ეკონომიკაზე გადის. საქართველოს უახლეს ისტორიაში მე არ მეგულება პარტია, რომელმაც მშენებლობა მწყობრი, არაუტოპიური, კონსტრუქციული, მაგრამ პრინციპული პროგრამის შედგენით დაიწყო.
ამასთანავე, ჩვენ სხვა „თამაშის წესების“ შემოტანა გვინდა პოლიტიკურ ველზე. მაგალითად, გვსურს სოციალური და მწვანე საკითხები პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელ თემებად ვაქციოთ.
ყველაფერს ვაკეთებთ კეთილსინდისიერების შესანარჩუნებლად, არაფრის ფასად არ ვიკადრებთ წელს ქვემოთ დარტყმებს და ა.შ. მიზნად ვისახავთ კავშირების განმტკიცებას არა მაინცდამაინც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ სოციალურ მოძრაობებთან, დამოუკიდებელ პროფკავშირებთან, ქვემოდან წამოსულ საპროტესტო და თემატურ ინიციატივებთან.
– ბევრი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება. ასე ვარაუდობენ ისინი, ვინც ფიქრობს რომ დასავლელი პარტნიორები „ქართული ოცნებისგან“ არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ბევრი იმასაც ამბობს, რომ თავად „ოცნებასაც“ აღარ უნდა ის მდგომარეობა, როცა მას პარტნიორების სრუფასოვან, ანუ მთლად ლეგიტიმურ პარტნიორებად არ მიიჩნვენ.
ასე რომც არ იყოს, 2028 წელს საპარლამენტო არჩევნები რომ უნდა ჩატარდეს, ცხადია. ამ თემაზე ოპოზიციურ ფლანგზეც მიმდინარეობს მსჯელობა და კამათი.
ნაწილი ამბობს, რომ მხოლოდ მაშინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თუ ხელისუფლება აქციებისას დაკავებულებსა და სასჯელმისჯილებს გაანთავისუფლებს, საარჩევნო კანონმდებლობაში, მასზე დაკვირვების კანონმდებლობაში, ასევე ცესკოს დაკომპლოქტების წესში ცვლილებებს შეიტანს. მეორე ნაწილი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ყველა შემთხვევაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
ისეთი პირი უჩანს, არაა გამორიცხული „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ოპოზიციისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე პარტნიორების ზეწოლით გარკვეული ცვლილებები შეიტანოს, მაგრამ, ისინი არ იქნება ისეთი, რომელსაც შეეძლება ქვეყანაში მეტ-ნაკლებად კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
არ ვიცი თქვენ ამ საკითხებზე გიმსჯელიათ თუ არა, მაგრამ, მე მაინც გკითხავთ – „მოძრაობა სოციალური დემორატიისთვის“ რა შემთხვევაში მიიღებს, ან არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობა?
– ჩვენს მოძრაობაში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს საერთო კრება იღებს. წინასწარ ვერავინ იტყვის, რა გზას აირჩევენ სათათბიროდ შეკრებილი სოციალ-დემოკრატები. თუმცა, ერთი რამ ჩემთვის ცხადია – თუ იარსებებს 0.1%-იანი შანსი მაინც იმისა, რომ ავტორიტარიზმს, ჩაგვრისა და უსამართლობის მწარმოებელ სისტემას არჩევნების გზით საგულისხმო ზიანი მივაყენოთ, უკან არ დავიხევთ.
ჩვენ ახალი პარტიის სახით ვამზადებთ პატარა, მაგრამ მწყობრ, გამართულ მექანიზმს. ეს მექანიზმი შეიძლება იქცეს მსუბუქ გირად, რომელიც სიმძიმეებით გაწონასწორებულ სასწორს მარცხნივ გადახრის.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი




