დიპლომატ გიორგი ბადრიძის შეფასებით, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებული კრიტიკული ანგარიში და და მასზე „ქართული ოცნების“ საპასუხო რიტორიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბებული არაფორმალური მმართველობა ძალაუფლების რუსულ ვერტიკალს უფრო ჰგავს, ვიდრე – ევროპულ დემოკრატიას.
საქმე ის არის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ევროპარლამენტის ანგარიში “სრულიად აცდენილია რეალობას“. მაკა ბოჭორიშვილის უწყება მიიჩნევს, რომ მიუღებელია ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება და ისეთი წინაპირობების დაყენება, რაც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება.
გიორგი ბადრიძის თქმით, ის, რასაც ხელისუფლება შანტაჟს უწოდებს, სინამდვილეში ევროკავშირის ელემენტარული მოთხოვნებია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში ისედაც გაწერილია – კანონის უზენაესობა, სამართლიანი არჩევნები და დამოუკიდებელი სასამართლო.
„მიიღეთ ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული არაფორმალური მმართველობა – სინამდვილეში ამას ითხოვს [ოცნება] და ევროკავშირისგან ამის მიუღებლობას კი, შანტაჟად მიიჩნევენ… ევროკავშირი არ გვთხოვს არაფერს ისეთს, რაც თავად საქართველოს კონსტიტუციაში (მათ შორის 78-ე მუხლში) არ წერია… ჩვენგან მოითხოვენ იმას, რომ აღვასრულოთ ჩვენივე კანონები,“ – განაცხადა გიორგი ბადრიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
დიპლომატი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ბევრი ავტორიტარული რეჟიმია, რომელიც ფორმალურად საკუთარ თავს „დემოკრატიულს“ უწოდებს, თუმცა საქართველოს შემთხვევა მაინც უნიკალურია:
„ასეთი შემთხვევა – ქვეყანა ამტკიცებდეს, რომ მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისადმი და ამ დროს აკეთებდეს ყველაფერს საპირისპიროს, რაც არის აუცილებელი წევრობისთვის, მგონი, უნიკალურია“, – განაცხადა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში დიპლომატმა რამდენჯერმა ხაზი გაუსვა განსხვავებას დასავლურ და რუსულ გავლენებს შორის. მისი თქმით, ევროკავშირი არსად არ „გვექაჩება“ და არ გააჩნია იდეოლოგიური ახირება, რომ საქართველო ძალით გახადოს მისი ნაწილი.
„რუსეთისგან განსხვავებით, რომელიც უარის შემთხვევაში სამხედრო გადატრიალებებით, ტერაქტებითა და ღია აგრესიით (როგორც 2008 წელს) მოქმედებს, ევროკავშირი მხოლოდ წინასწარ გაწერილ, გამჭვირვალე წესებს გვთავაზობს…
ევროკავშირს არა აქვს ახირებული მოთხოვნილება, რომ გინდა თუ არა საქართველო აქციოს თავის ნაწილად, მოიპოვოს და ეს წაართვას რუსეთს, რომლის გავლენაში ყოფნა აშკარად ურჩევნია ბიძინა ივანიშვილს…
ძალიან ხშირად, თავიანთი პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად, ისინი [ოცნება] წარმოაჩენენ პრაგმატიზმს, რომ თითქოს მშვიდობა მოუპოვეს საქართველოს რუსეთის არგაღიზიანებით. ამას რაღაცნაირად კიდევ გაიგებდა ადამიანი, რომ არა ერთი გარემოება: ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებული, ეს პროცესი დაემთხვა არა მხოლოდ უკრაინაში რუსეთის ღია ომის დაწყებას, არამედ ევროკავშირის შეთავაზებას წევრობის შესახებ, რომელსაც მოჰყვება გაწევრიანების კონკრეტული მექანიზმი და ძალიან ახლომდებარე თარიღი… სწორედ ამ პერიოდში, რუსეთის არგაღიზიანების პარალელურად, ჩვენ ვხედავთ დასავლეთის გაღიზიანების თანმიმდევრულ პოლიტიკას, მასთან დაპირისპირებას და რეალურად, „ცივი ომის“ დაწყებას, მე – არა, მაგრამ კიდევ შეიძლებოდა გაგვეგო [პრაგმატულად წარმოჩენილი ოცნების პოლიტიკისთვის].
ამდენად, ერთი მხრივ, პრაქტიკულად, შენს პარტნიორად, პრაქტიკულად, აღიარებული გყავს ქვეყანა, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ შენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მისთვის მიუღებელია. მეორე მხრივ კი, სუვერენიტეტის შელახვასა და ათას სხვა უბედურებას აბრალებ იმ ქვეყნებს, რომლებიც შენი რეალური პარტნიორები იყვნენ, დღემდე არიან და რომლებმაც ევროკავშირის კარი გაგიღეს. ამაზე მეტი რაღა უნდა მომხდარიყო?! მათთან ახლა ცივი ომის მდგომარეობაში ხარ. სწორედ ეს აქარწყლებს ყოველგვარ მტკიცებას იმის შესახებ, თითქოს ეს ყველაფერი რაღაც პრაგმატული პოლიტიკის გამოხატულებაა“, – განაცხადა გიორგი ბადრიძემ.




