პირველი ინტერვიუ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ოჯახის წევრთან – ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნის ახლობელი დარწმუნებულია, რომ უძილაურის დაკავებით “ევროპას დაარტყეს”.
“გიორგი როგორც ჩანს, ვიღაცას არ მოეწონა და დაახურდავეს”– აცხადებს ლიკა ნაღებაშვილი და დასძენს, რომ საგარეო ვექტორის გამო “ქართული ოცნება” “მარტივ მამრავლებად დაიშალა”.
ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან საქმეს გრიფი [რულიად საიდუმლო გრიფი] ადევს. ერთადერთი ვიცით, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, ყველამ…
14 წლიდან ვიცნობ გიორგის და ეს ადამიანი იყო თავისი ქვეყნის და პროფესიის პატრიოტი და ერთგული. ვის დასჭირდა, მე ვფიქრობ ცოტა უფრო გლობალურად, რომ ევროპაზეა დარტყმა და გიორგი ეტყობა ვიღაცას არ მოეწონა და დაახურდავეს… ყველაფერი გაირკვევა, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ოღონდ და ეს როგორ იქნება, ვერ გეტყვით, სამწუხაროდ.”- განმარტა ნაღებაშვილმა.
“პირველების” კითხვაზე, ხომ არ უკავშირებს უძილაურის დაკავებას “ქართული ოცნების” ყოფილ ლიდერებთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და სუს-ის ექს ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ახლობლობას, დაკავებულის ოჯახის წევრი ამბობს:
მე უფრო მგონია, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა თვოთონ ქართულ ოცნებაში, იგივე რუსეთ-ევროპის თემაზე, ანუ ჩვენი მიმართულებების, ჩვენი მსოფლმხედველობის თემაზე იყო განხეთქილება და როდესაც დაიყო ეს ოცნება მარტივ მამრავლებად, გიორგიც, რა თქმა უნდა, როგორც ცივილური და პროგრესული ადამიანი, ყოველთვის იყო ევროპის და ამერიკის მხარეს და ჩვენი ნამდვილი პარტნიორების და არა იქ, სადაც ვიყავით და საიდანაც, სხვათაშორის, ჩვენი თაობა გამოვძვერით ძლივს, ბრძოლით”- დასძინა ნაღებაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლს მოსამართლე დავით კურტანიძემ “საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე” დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასამართლოს დაწყებამდე “პირველების” კითხვის საპასუხოდ უძილაურის ადვოკატმა, ბექა გულედანმა თქვა, რომ საქმეში მათ შორის არის აუდიო და ვიდეო მასალაც.
ადვოკატი თვლის, რომ ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან, საქმეში, “ადეკვატური მტკიცებულებები არ დევს”.
სასამართლო სხდომას თავად გიორგი უძილაურიც დაესწრო. მოქმედი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი უძილაურს საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე ბრალდება 6 მაისს წარუდგინა.
- “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას” – წერს პროკურატურა.
უძილაურის დაკავების შესახებ პროკურატურამ 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მალევე პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი უძილაურს ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას.
გიორგი უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




