5 თებერვალს, საღამოს 7 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა – ისინი თვლიან, რომ თეა წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრის და დეპუტატებს სთხოვენ, არ დაუჭირონ მხარი მის კანდიდატურას ამ პოსტზე ახალი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დამტკიცებისას. აქციის პარალელურად, თეა წულუკიანი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე საუბრობდა იმ ადამიანებზე, ვინც მის პოლიტიკას აპროტესტებს. მინისტრობის კანდიდატმა, რომელიც მესამე წელია მართავს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თქვა, რომ მას არ ესმის რა უნდა გააკეთოს სამინისტრომ იმ ადამიანებთან, ვინც ამბობენ, რომ არ სურთ კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობა.
“ჩვენ სახეზე გვაქვს ძალიან მცირერიცხოვანი პროტესტანტების ჯგუფი, რომლებიც წლების მანძილზე მიჩვეული იყვნენ, რომ ერთი და იგივე ადამიანები მიდიოდნენ ბერლინში, კანში, გამოცემდნენ წიგნებს, უფინანსდებოდათ ფილმები, უფინანსდებოდათ სადადგმო ხარჯი, მონაწილეობას იღებდნენ ერთი და იმავე ღონისძიებებში, მუდმივად მეტნაკლებად ერთი და იგივე ხალხი. როდესაც კულტურის მინისტრმა თქვა, რომ დაფინანსება ღიაა ყველასთვის, იქ ატყდა პრობლემები. ეს არის ფულის თემა და არა რაიმე ტიპის ღირებულებითი ჭიდილი. აი სწორედ ამაშია უბედურება. შესაბამისად, ეს მცირე ჯგუფი შედგება იმ ადამიანებისგან, ვისაც პირობითად შეიძლება ბობოლები ვუწოდოთ, ვინც იყო ტრადიციულად ბენეფიციარი ამ ფინანსური სისტემის და დღეს მაინცდამაინც თავს არ იწუხებენ იყვნენ წინა პლანზე, სხვა ადამიანები გამოყავთ წინა პლანზე, რომლებმაც არც კი იციან, რატომ არიან პროტესტში ჩართულები” – თქვა თეა წულუკიანმა საკომიტეტო მოსმენაზე.
ამავე გამოსვლისას მან თქვა, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი მისი კრიტიკით ცდილობს იმ იდეის დისკრედიტაციას, “რასაც ჰქვია ქალი პოლიტიკაში” – წულუკიანის თქმით, ის ამის მოთმენას აღარ აპირებს.
რამდენიმე ათეული ადამიანი კი, რომელიც პარლამენტის შენობასთან აპროტესდებდა წულუკიანის პოლიტიკას, ითხოვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს სამინისტროს საქმიანობა და ასევე მინისტრმა უპასუხის იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში დაგროვდა მას შემდეგ, რაც წულუკიანი ამ პოსტზე დაინიშნა. 54 კითხვა აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას პროექტორით მიანათეს.
· რატომ დაანგრიეს ქოროღოს კოშკი?
· რატომ არ მოხდა ქოროღოს კოშკის სიღრმისეული შესწავლა?
· რატომ ფლანგავს სამინისტრო თანხებს არამიზნობრივად?
· რატომ არჩევს კულტურის სამინისტრო ხელოვანებს პოლიტიკური ნიშნით საერთაშორისო ღონისძიებებზე წარსადგენად?
· სად ინახება ხელოვნების მუზეუმის კოლექცია?
· რატომ დაინიშნა კინოცენტრის კინოწარმოების უფროსად არაკომპეტენტური პიროვნება?
· რატომ დაასაქმა სამინისტრომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ლაბორატორიაში და მისცა წვდომა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან სახელოვნებო არქივზე, მაშინ როცა მოდერნიზმის საუკეთესო ნიმუშები გაურკვეველ პირობებში საცავებში ინახება?
· რატომ ნადგურდება უძველესი დოლოჭოპის ბაზილიკა?
· რატომ არ პასუხობს კინოცენტრი ელ-ფოსტას?
ეს არის ნაწილი იმ კითხვების, რომელიც დღეს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან “გააჟღერეს.”
საღამოს აქცია 5 თებერვლისთვის მეორე აქცია იყო მინისტრ წულუკიანის საწინააღმდეგოდ. პირველი ამგვარი აქცია დილის 11 საათზე გაიმართა ამავე ადგილას. მისი მონაწილეებიც დეპუტატებს სთხოვდნენ, არ დაუჭირონ მხარი თეა წულუკიანს კულტურის მინისტრის პოსტზე.
მინისტრთა კაბინეტის წევრების ხელახლა დამტკიცების საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვა. ახალი პრემიერისა და მისი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე, პარლამენტმა უნდა მოისმინოს სამთავრობო პროგრამა და მინისტრობის კანდიდატების ხედვები.