სასამართლო განიხილავს პროტესტის აქტიური მონაწილის, დუტა ჯავახიშვილის საქმეს. დუტა ჯავახიშვილი შშმ პირია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება, რომ 7 თებერვალს გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავდა.
არც სასამართლო და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც სახელმწიფოს სახე და წარმომადგენელი სასამართლოში, არ სვამენ კითხვას, რა აქვს გასაპროტესტებელი შშმ პირს, რატომ შეიძლება იდგეს ის ქუჩაში. „გამოხატვის თავისუფლების შინაარსში არ შემოვდივართ“, — აცხადებს უწყების წარმომადგენელი.
სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესის საგანია მხოლოდ ის, ხომ არ დაირღვა ბოლო თვეების მანძილზე თვიდან თვემდე მზარდად რეპრესიული რომელიმე რეგულაცია, რამაც პროტესტი უნდა შეზღუდოს. მოსამართლე კი საკითხს ასე სვამს — იაზრებდა კი დუტა ჯავახიშვილი, როგორც შშმ პირი, თავის ქმედებას?
საქმე მოსამართლე მანუჩარ ცაცუას აბარია. დუტა ჯავახიშვილის ინტერესებს იცავენ ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლები, თამარ გაბოძე, სოფო მენაბდიშვილი და ანა არგანაშვილი.
„დისკრიმინაციული“, „კონვეიერული სამართალწარმოება“ — ასეთია ადვოკატების, შშმ პირთა უფლებადამცველების შეფასება სასამართლოსა და შსს-ს მიდგომებთან დაკავშირებით.
რას ეყრდნობა ადვოკატების შეფასებები და რა ხდება დუტა ჯავახიშვილის საქმეში
ჯავახიშვილი ამბობს, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც მას სამართალდარღვევას [გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას] ედავებიან, მოქალაქეებს რუპორის საშუალებით მოუწოდებდა, რომ გზიდან ტროტუარზე გადასულიყვნენ.
7 თებერვალი შაბათის ტრადიციული მარშებიდან ერთ-ერთი დღეა. შსს ამბობს, რომ პროტესტის მონაწილეთათვის უწყებას ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჰქონდა მითითება, რომ პარლამენტთან მოსვლისას, მარშის დასრულებისთანავე, გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი და გადასულიყვნენ საფეხმავლო გზაზე პარლამენტის წინ.
„ნაწილი დარჩა სავალ ნაწილზე დაახლოებით 25 წუთის მანძილზე. მათ შორის იდენტიფიცირებულია დიმიტრი ჯავახიშვილი. ვითხოვთ მის სამართალდამრღვევად ცნობას“, — ამბობს შსს-ს იურისტი თინათინ კაჭკაჭიშვილი.
შსს დანამდვილებით ვერ და არ ამბობს, რამდენ ხანს იდგა დუტა ჯავახიშვილი გზაზე, რომელიც თავის მხრივ ვარაუდობს, რომ 5-7 წუთზე მეტხანს არ მდგარა. თუმცა შსს იმასაც პასუხობს ჯავახიშვილს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს და 10 წამითაც რომ მდგარიყო, მაინც სამართალდამრღვევი იქნებოდა.
დღეს, პირველ მაისს, სასამართლოში ექიმ-ფსიქიატრი დაიკითხა. შსს და სასამართლო შეთანხმდნენ, რომ ფსიქიატრმა უნდა დაადასტუროს, რაკი ის შშმ პირია, დუტა ჯავახიშვილს ხომ არ ჰქონდა „შეზღუდული შერაცხადობა“ [თინათინ კაჭკაჭიშვილის ფორმულირება] და აცნობიერებდა თუ არა, რომ სამართალდარღვევას სჩადიოდა.
ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლე ცაცუამ დააკმაყოფილა იმ თვალსაზრისით, რომ ექიმის ჩვენების მიცემისას სხდომა დაიხურა, დუტას პერსონალური და სპეციფიკური მონაცემების გასაჯაროებისთვის თავის ასარიდებლად.
სასამართლოსთვისაც და შსს-სთვისაც გაუგებარი დარჩა, რატომ ითხოვდა დუტა ჯავახიშვილი, რომ მისი შეფასება მხოლოდ ექიმს არ მოეხდინა, რომელსაც მისი შერაცხადობის განსაზღვრის უფლებამოსილება საერთოდ არ აქვს [ადვოკატ ანა არგანაშვილის განმარტებით].




