ქუთაისში გაუჩინარებული მზია ლომაიას ოჯახი საგანგებო მიმართვას ავრცელებს. დაკარგული ქალბატონის ძმისშვილი, ირაკლი ლომაია, საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და ვერსიების გავრცელებისგან.
როგორც ირაკლი ლომაია სოციალურ ქსელში წერს, სამძებრო სამუშაოები ქუთაისში ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს და ოჯახს აქვს იმედი, რომ მზია ლომაია ცოცხალია.
„მეგობრებო, გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ დაუზუსტებელ ინფორმაციასა და ჭორებს. ჩვენი მამიდა, მზია ლომაია, ამ დრომდე არ არის ნაპოვნი და ჩვენ კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ მის ძებნას. ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ის ცოცხალია.
ჩემი წინა პოსტი ემოციურ მდგომარეობაში, შოკისა და მძიმე ინფორმაციის მიღების შემდეგ დავწერე… მოგვიანებით ის პოსტი წავშალე, რადგან არ მსურს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება. ჩვენ არ ვადასტურებთ მის წყალში გადახტომას, მას არანაირი წინაპირობა არ ჰქონია ამის“,- წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ლომაია.
ამასთან, ოჯახის წევრი მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ მძიმე წუთებში მათ გვერდით დგას და დახმარებას უწევს. მისივე თქმით, ნებისმიერი დადასტურებული სიახლის შემთხვევაში, ოჯახი ინფორმაციას თავად გაასაჯაროებს.




