სებმა ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით შეუმცირა – რას ნიშნავს ცვლილება?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 5 პროცენტული პუნქტით შეუმცირა – შესაბამისი გადაწყვეტილება სების ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს, 6 მაისს მიიღო მიიღო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიზანშეწონილია ამ მაჩვენებლის იმ დონეზე დაბრუნება, რაც მას გაზრდამდე ჰქონდა. სებმა აღნიშნული ვალდებულება კომერციულ ბანკებს 2024 წლის 19 დეკემბრიდან გაუზარდა.

“ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა,”- ნათქვამია სების გადაწყვეტილებაში.

მინიმალური სარეზერვო ნორმა წარმოადგენს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ვალდებულებას კომერციული ბანკებისთვის, რომ მათ დეპოზიტარებისგან მოზიდული სახსრების ნაწილი სებ-ში სავალდებულო წესით განათავსონ. წარსულში ეს ზღვარი იყო ერთიანი ყველა ბანკისთვის, თუმცა სებმა რამდენიმე წლის წინ სარეზერვო ნორმები ბანკების მთლიან დეპოზიტებში უცხოური ვალუტის პროცენტულ წილს მიაბა. კერძოდ, რაც უფრო მაღალია ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, მით უფრო მეტი თანხის დარეზერვება უწევთ ბანკებს. ამ ცვლილებით სები ქვეყანაში ეროვნული ვალუტის დაკრედიტების წახალისებას ისახავდა მიზნად.

2024 წლის 19 დეკემბრიდან კი აღნიშნული სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით გაიზარდა და ასე გადანაწილდა:

  1. ა) 25%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი;
  2. ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები.
  3. გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა მცირდება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით: RR=10%+[(DR-40%)*(25%-10%)/(70%-40%)] სადაც: RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა. დეპოზიტების დოლარიზაციის 50%-ის პირობებში ნორმა 15%-ს შეადგენს.

ახლა კი აღნიშნული მოთხოვნა 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც ნიშნავს რომ თუკი ბანკების დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40%-ზე ნაკლები და ბანკი ამ თანხიდან 10%-ს სებ-ში არეზერვებდა, ახლა 10%-ის ნაცვლად 5%-ს დაარეზერვებს. თუკი დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70%-ზე მეტი და ბანკი აქედან 25%-ს სებ-ში არეზერვებდა, ახლა 25%-ის ნაცვლად 5%-ს დაარეზერვებს.

ეს ნიშნავს, რომ ამ ცვლილებით ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს დამატებით სავალუტო რესურსს უთავისუფლებს, რომელსაც ბანკები კრედიტების გასაცემად გამოიყენებენ.

2026 წლის მარტის მდგომარეობით, სებ-ში კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის სავალდებულო რეზერვის სახით 2 მილიარდი დოლარი აქვთ განთავსებული. იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს საბანკო სისტემაში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი არის 53%, ეს ნიშნავს რომ აქამდე საშუალო დარეზერვების ნორმა 16.5%-ს შეადგენდა, შესაბამისად ის 11.5%-მდე შეიძლება შემცირდეს, რაც კომერციულ ბანკებს დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ფინანსურ რესურსს გამოუთავისუფლებს, რომლის სესხებად გაცემაც გახდება შესაძლებელი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე – უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით – დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი