მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს | ამის შესახებ მან ლონდონში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და მზია ამაღლობელს ეხებოდა
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ის ძირითადად რუსეთის დავალებებს ასრულებს და ამას იმ დონეზე აკეთებს, რომ ახლა უკვე აღარანაირი განსხვავება აღარ არის იმაში, თუ როგორ ჩაგრავს საკუთარ ხალხს რუსეთი და როგორ ჩაგრავს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს. ზოგიერთ დეტალს აქ პირველად ვისმენ. იმის აღწერა, თუ რა გაუკეთეს მზიას, ზუსტად იმეორებს რუსეთის ხელწერას საკუთარი ხალხის მიმართ. სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა, ცემა და მსგავსი ქმედებები – ეს პირდაპირ მათი სამოქმედო სახელმძღვანელოა და აბსოლუტურად აღარანაირი გეოგრაფიული სხვაობა აღარ არსებობს რუსეთისა და საქართველოს ქმედებებს შორის.
მაშ, რა შემიძლია დავამატო ამ საუბარს? დეტალებში შესვლა არ გვჭირდება, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს ყველაფერი აბსურდი და საშინელებაა. ის, რაც ახლა ხდება, არაადამიანურია და ყველამ კარგად ვიცით, რატომაც აკეთებენ ამას — სწორედ ასე იქცევიან დიქტატორები, საბჭოთა რეჟიმის წარმომადგენლები, რუსები და „კაგებე“ (KGB). რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ამის საპასუხოდ?
საინტერესო ის არის, რომ არსებობს ეს კაცი – ივანიშვილი, ოლიგარქი და მილიარდერი, რომელსაც ფული მთელ მსოფლიოში აქვს მიმოფანტული. საერთოდ, რატომ შეიქმნა „მაგნიტსკის აქტი“? სწორედ იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დასჯის ნაცვლად, მიზანში ამოვიღოთ ის კონკრეტული ოლიგარქები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.
მას აქტივები გაერთიანებულ სამეფოშიც აქვს. 2025 წლის ბოლოს, სენატორ კარდინის გამოსამშვიდობებელ მოსმენაზე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ჩვენება მივეცი „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ, სადაც ვისაუბრე ივანიშვილისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს აქტი მის წინააღმდეგ. შემდგომში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის დაასანქცირა და, დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტი მას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.
თუმცა, როგორც ჩანს, მას აქტივები დიდ ბრიტანეთშიც აქვს, რომელსაც ის ჯერ არ დაუსანქცირებია. დიახ, დიდ ბრიტანეთს ის ჯერ არ დაუსანქცირებია. ამაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა და, რეალურად, ეს ძალიან მარტივი საქმეა. თუ გაერთიანებულ სამეფოს მცირედით მაინც სწამს ადამიანის უფლებების, პრესის თავისუფლებისა და იმ ყველაფრის, რის ერთგულებაზეც ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად საუბრობს, მათ უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი და ყველა ის მოსამართლე თუ პროკურორი, რომლებიც მზიას უკანონო, არაადამიანურ და უფლებადამრღვევ პატიმრობაში არიან ჩართულნი” | განაცხადა ბილ ბრაუდერმა [ნეტგაზეთის თარგმანი]




