252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა – 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება.
💬 “ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 19.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხების მოცულობა 3.9 მილიარდია, სამომხმარებლო სესხებზე კი 6.2 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (6.3 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.4 მლრდ. ლარის.
ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 56,276 ლარს, სამომხმარებლო სესხის 43,587 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხის 130,138 ლარს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის 1,541,963 ლარს შეადგენს.
ინფლაცია ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა. ის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2026 წლის მეორე კვარტლიდან უნდა დაახლოებოდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა კონფლიქტმა ენერგომატარებლებზე და ტრანსპორტირებაზე ფასები გაზარდა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25 პროცენტამდე გაზრდის შესახებ არის მკაცრი, თუმცა აუცილებელი პრევენციული ნაბიჯი ფასების ზრდის შესაჩერებლად. ინფლაციის 5.9 პროცენტამდე დაჩქარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის მსყიდველობით უნარს, რაც ცენტრალური ბანკის მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვდა. თუ ფასების ზრდის ტემპი არ შემცირდა, არ არის გამორიცხული რეფინანსირების განაკვეთი კიდევ უფრო გაიზარდოს“ | წერს ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” გავრცელებულ განცხადებაში.