სომხეთმა და საფრანგეთმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ერევანში ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

მაკრონმა და ფაშინიანმა 13 სხვა დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოებისა და ნახევარგამტარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ წერილობით ვალდებულებასა და სტრატეგიული ტექნოლოგიებისა და თავდაცვის სისტემების კვლევის, დამზადებისა და ინოვაციის სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასული ათწლეულების განმავლობაში სომხეთი რუსეთის სატელიტად აღიქმებოდა, თუმცა ახლა ქვეყანამ პროევროპული კურსი აირჩია.

“ათწლეულების განმავლობაში გარკვეულწილად შევეჩვიეთ, რომ სომხეთი, რაღაც მხრივ, რუსეთის სატელიტი იყო. […] სომხეთმა ნამდვილად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ შეზღუდვისგან გათავისუფლდეს და ევროპისკენ შემობრუნდეს”. – თქვა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანთან კონფლიქტის დროს სომხეთს არ დახმარებია, ხოლო საფრანგეთმა მას მატერიალურად მხარი დაუჭირა.

“რუსეთი იქ არ ყოფილა, ისევე, როგორც არც ვენესუელას არ უდგას გვერდით, როდესაც მას პრობლემები აქვს”. – თქვა მაკრონმა.

ცნობისთვის, 4-5 მაისს ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთის პრეზიდენტი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტით არის ჩასული.