ოპოზიციის ალიანსმა საქართველოში გაზრდილ დენის ფასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამიამ განმარტა, რას ხმარდება მომატებული გადასახადიდან შესული თანხა.
“მე ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი უკვე მომივიდა. დაახლოებით, იგივე ხარჯვით, შარშან ამ დროსთან შედარებით, სხვაობა არის 20 ლარით მეტი. მინდა, ჩაგიშალოთ, ეს 20 ლარი, ციფრების მიხედვით, სინამდვილეში სად და რომელ ჯიბეში მიდის. სახელმწიფომ დენი ოფიციალურად 1/3-ით გააძვირა.
ამ მომატებული 20 ლარის ნაწილი წავიდა შიდა მაინინგში. ეს არის ე.წ. საწარმოები, რომელიც მსხვილი საქართველოში ორია, თბილისსა და ქუთაისში და ორივე ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული. ეს საწარმოები არ იხდის არცერთ გადასახადს – არც დღგ-ს, არც მოგებისა და ქონების გადასახადს. ძალიან ცოტა ადამიანს ასაქმებს და დოვლათს არ ქმნის. ბიძინა ივანიშვილი ფულს წერს და მერე ლექავს უცხოეთის ანგარიშებზე. ამაში ჩვენ ვიხდით თანხას – ჩემს შემთხვევაში, მომატებული 20 ლარიდან, პირადად მე 4 ლარი მივეცი ივანიშვილის გამდიდრებას”. – თქვა გვარამიამ.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ იგივე ხდება ენგურჰესიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დენის გადინების შემთხვევაშიც.
“იგივენაირად ხდება დენის გადადინება აფხაზეთში. 40%-ის ნაცვლად, რომელიც ენგურჰესიდან უნდა მიდიოდეს, მიდის 90%. უზარმაზარი სხვაობაა. სად მიდის ეს ფული? ამ 20 ლარიდან ხელშეკრულების დარღვევით, 4 ლარი აქ მიდის. მარტო ხალხს კი არა, აფხაზ კრიმინალებსაც მიეწოდებათ, რომლებიც ზუსტად იგივეს აკეთებენ, ოღონდ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ანუ ე.წ. მაინინგს, რაღაც ბიტკოინებს, რომლებიც ივანიშვილის პირადი შემოსავლის გარდა არაფერში აისახება”. – ამბობს გვარამია.
გვარამია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება სწორედ ივანიშვილთან დაკავშირებული კრიპტომაინინგის გამოა გაზრდილი.
“დენის გაძვირებისას, დავით ნარმანიამ თქვა, რომ ამ მომატებული 20 ლარიდან რომ ჩავთვალოთ, 5-დან 7 ლარამდე დასჭირდებოდა ქსელის რეაბილიტაციის ინვესტიციას, რომელიც იმიტომ არის საჭირო, რომ ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდაო. საქართველოში დენის მოხმარება გაიზარდა მაინინგში, ანუ ბიტკოინების წარმოებაში, რომელიც ამ ქვეყანაში, ძირითადად ივანიშვილის, ან მისი ხროვის ფულის საკეთებელი დაზგაა. ანუ, ამ 20 ლარიდან ეს 5-7 ლარიც არის ბიტკოინების, ანუ ივანიშვილის”. – თქვა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, კრიპტომაინიგის გამო, ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი ჩნდება, რაც მოსახლეობას აზარალებს.
“ეს ელექტროენერგიის გადამეტებული ხარჯვა რომ მიმდინარეობს, აქედან ჩვენ არაფერი ხეირი არ გვაქვს. პირიქით, ენერგოდეფიციტი გვექმნება, ჩვენი ენერგოუსაფრთხოება პრობლემური ხდება და ამით რუსეთს კიდევ უფრო მეტად ვეჯაჭვებით. გარდა ამისა, სეზონებზე, სადაც ექსპორტიორი ვართ და ელექტროენერგიას ვყიდით, ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს. შესაბამისად, ბევრ ფულს ვკარგავთ. ჩემი 20 ლარიდან ეს არის 3 ლარი, ანუ ჯამში უკვე 18 ლარის დანაკარგი.
ის დარჩენილი 2 ლარი კი იმიტომ მიწევს, რომ სხვა სეზონზე, სადაც დანაკლისი გვაქვს, ჩვენი იმპორტი იზრდება, ანუ რუსეთიდან და თურქეთიდან ბევრად მეტ დენს ვყიდულობთ იმის გამო, რომ ივანიშვილი ამ ფულს საკუთარი ჯიბის გასასქელებლად ხარჯავს. ესეც ჩემი ჯამური 20 ლარი. თქვენი 5, 10, 15 თუ 50 ლარიც, რომელიც შარშანდელთან შედარებით მეტობაში სხვაობა გექნებათ, ასევე ამგვარად წავა ივანიშვილის ჯიბეში”. – ამბობს გვარამია.
ცნობისთვის, 2026 წლის 1 აპრილიდან თბილისში დენის ფასი 5 თეთრით, საქართველოს რეგიონებში კი 5-დან 6 თეთრამდე გაძვირდა.
სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფით:
0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) ტარიფი 5 თეთრით, 20.041 თეთრამდე გაძვირდა. ზრდა 33%;
- 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) 5 თეთრით, 24.953 თეთრამდე გაძვირდა. ზრდა 26%;
- 301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) ტარიფი ასევე 5 თეთრით, 28.537 თეთრამდე გაძვირდა. ზრდა 21%;
- 3.3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო) მომხმარებლისთვის ტარიფი 5 თეთრით, 31.647 თეთრამდე გაძვირდაა. ზრდა 19%;
- 220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები) ტარიფი 5.329 თეთრით 35.261 თეთრამდე გაძვირდა. ზრდა 18%;
