იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, რომელიც ორშაბათს, 4 მაისს, ერევანში დაესწრო „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ სამიტს, იმავე საღამოს ერევნიდან ბაქოში გაემგზავრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სხვა მაღალჩინოსნებთან შესახვედრად.
მისმა ადმინისტრაციამ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, რომ ჯორჯა მელონი ორივე ქვეყანას ეწვეოდა.
უკვე გაიმართა ალიევისა და მელონის ორმხრივი შეხვედრა. გაიმართა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც.
მელონის თქმით, ეს იტალიის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში 2013 წლის შემდეგ.
ალიევის თანახმად, იტალია და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ მელონი ბაქოში ერევნიდან ჩავიდა.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების შემდეგ, იტალიაში გაზისა და ნავთობის ექსპორტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ – წარმოვადგენ დიდი სიამაყით. ჩვენ ვისაუბრეთ ამ კავშირების განმტკიცებაზე“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.




