ირანის მიხედვით, მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე -ს პასუხი მიიღეს და განიხილავენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაყაიმ თქვა, რომ -მ ირანის წინადადებაზე პასუხი პაკისტანს გადასცა და თეირანი ამჟამად ვაშინგტონის პასუხს განიხილავს.
ამის შესახებ ბაყაიმ სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ილაპარაკა.
ბაყაის თქმით, ირანის შეთავაზებული წინადადება ბირთვული შეიარაღების საკითხს არ მოიცავს და მხოლოდ ომის დასრულებას ეხება.
“ჩვენი 14-პუნქტიანი გეგმა ექსკლუზიურად ომის დასრულებაზე ამახვილებს ყურადღებას და არ მოიცავს არცერთ საკითხს, რომელიც ბირთვულ სფეროს ეხება. […] ამ ეტაპზე, ჩვენი ყურადღება გამახვილებულია რეგიონში, მათ შორის, ლიბანში ომის დასრულების დეტალებზე”. – თქვა ბაყაიმ.
ბაყაიმ ასევე დაამატა, რომ ჰორმუზის სრუტის განნაღმვა გეგმის ნაწილი არ არის.
“აშშ-ს მხრიდან ჰორმუზის სრუტის განნაღმვის მტკიცება ფუნდამენტურად არ წარმოადგენს ჩვენი გეგმის ნაწილს”. – თქვა ბაყაიმ.
როგორც Reuters-თან საუბრისას ანონიმურმა ირანელმა მაღალჩინოსანმა თქვა, თეირანს მიაჩნია, რომ ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების მოგვიანებით განხილვის შეთავაზება შეთანხმების მისაღწევად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
“ამ ჩარჩოთი უფრო რთულ ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებმა საბოლოო ეტაპზე გადაიწია, რათა უფრო ხელშემწყობი ატმოსფერო შეიქმნას”. – თქვა მაღალჩინოსანმა.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელურ გამოცემასთან, Kan News-თან საუბრისას თქვა, რომ “ირანის ახალ წინადადებას გაეცნო” და ის მისთვის “მიუღებელია”.
1 მაისს ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ “ირანელებს შეთანხმების დადება სურთ”, თუმცა ის “მისით კმაყოფილი არ არის” და ირანული მხარე “ისეთ რაღაცებს ითხოვს”, რასაც ტრამპი “ვერ დათანხმდბება”.
მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ მალე განიხილავდა ირანის მიერ შემოთავაზებულ ახალ სამშვიდობო გეგმას, თუმცა აღნიშნა, რომ “ვერ წარმოუდგენია, რომ ის მისაღები იქნება”.
ირანის ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული სააგენტო Tasnim-ის ცნობით გუშინ ირანმა აშშ-ს წინადადებაზე საპასუხოდ ვაშინგტონს 14-პუნქტიანი დოკუმენტი წარუდგინა.
Tasnim იუწყება, რომ აშშ-მ ირანს ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა თეირანი მიიჩნევს, რომ “საკითხები 30-დღიან ვადაში უნდა მოგვარდეს” და მოლაპარაკებები უნდა იყოს მიმართული “ომის დასრულებაზე” და არა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე.