ზელენსკი ერევანში ბრიტანეთის, ფინეთისა და ჩეხეთის პრემიერმინისტრებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერთან, კირ სტარმერთან, ფინეთის პრემიერმინისტრთან, პეტერი ორპოსთან და ჩეხეთის პრემიერთან, ანდრეი ბაბიშთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
ზელენსკიმ და სტარმერმა, მათ შორის, უკრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL) ინიციატივაში, ანუ უკრაინისთვის NATO-ს იარაღის შესყიდვის ინიციატივაში წვლილის შეტანის საკითხი განიხილეს. ამასთან, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა უკრაინაში სამართლიანი და ღირსეული მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებების პროცესზე ილაპარაკეს.
“უკრაინაში ვაფასებთ ყველა ნაბიჯს, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად და აგრესორის დასასუსტებლად გადადგა, მათ შორის, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალისხმევას. დღეს ეს კირთან განვიხილეთ. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას, კერძოდ, PURL-ის ინიციატივაში წვლილის შეტანას.
მზად არის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის სამმხრივ ფორმატში. ჩვენი დისკუსიის თემებს შორის ასევე იყო მოლაპარაკებების პროცესი, რათა მიიღწიოს სამართლიანი და ღირსეული მშვიდობა. ვაფასებთ გაერთიანებული სამეფოს პოზიციას რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების შესახებ. ეს ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია.
ასევე განვიხილეთ უკრაინის ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერა. პრემიერმინისტრს ბრძოლის ველზე ვითარებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშების შესახებ მოვახსენე. ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რომ კოორდინაცია გაუწიოს თავის ძალისხმევას და რუსეთისგან მომავალი საფრთხის დასაცავად ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემა შექმნას”. – წერს ზელენსკი.
შეხვედრისას ზელენსკიმ ორპოს შესთავაზა, რომ ფინეთსა და უკრაინას შორის დრონებთან დაკავშირებით შეთანხმება გაფორმდეს. მისივე თქმით, თავისი გამოცდილების გაზიარებისთვის მზად არის და მზადაა, “გააძლიეროს ისინი, ვინც სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან” აძლიერებდნენ.
ამასთან, ფინეთის პრემიერმა და ზელენსკიმ უკრაინის ევროპული ინტეგრაციაც განიხილეს.
“მადლობა გადავუხადე ფინეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებისთვის, რომ უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად დამატებითი $300 მილიონი გამოეყო. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ამას. განვიხილეთ ჩვენი თავდაცვის, კერძოდ საჰაერო თავდაცვის, პრიორიტეტული სფეროები, რომელთა გაძლიერებაც შეიძლება ამ პაკეტით.
პრემიერმინისტრს შევთავაზე, რომ დრონებზე შეთანხმების ფორმატში შეთანხმების გაფორმებით ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა გავაძლიეროთ. უკრაინა მზად არის, გააზიაროს თავისი გამოცდილება და გააძლიეროს ისინი, ვინც სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან გვაძლიერებდნენ.
ჩვენ ასევე შევეხეთ საერთაშორისო თანამშრომლობას, კერძოდ ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ახლა კარგი შესაძლებლობის ფანჯარაა, რომ დაიწყოს მოლაპარაკებების კლასტერები და უკრაინა ამას სრულად იმსახურებს. მადლობას ვუხდი ფინეთს მხარდაჭერისთვის”. – წერს ზელენსკი.
ჩეხეთის პრემიერთან საუბრისას ზელენსკიმ ჩეხ ერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროინტეგრაციის გზაზე ურაინის მომდევნო ნაბიჯებზე ილაპარაკა.
“ჩვენი ურთიერთობების ორმხრივი სფეროები განვიხილეთ, არსებობს ნამდვილი პოტენციალი, რომ ჩვენი თანამშრომლობა გავაღრმავოთ. ასევე განვიხილეთ ევროპული გზა და ევროკავშირის წევრობისკენ უკრაინის გზის მომდევნო ნაბიჯები. მადლობას ვუხდი მთლიანად ჩეხ ხალხს მათი მხრიდან უკრაინის უზარმაზარი და გულწრფელი მხარდაჭერისთვის – მართლაც ვაფასებთ ამას”. – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, 3 მაისს უკრაინის პრეზიდენტი, ერევანში დაგეგმილ ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტზე ჩავიდა.
სამიტი ერევანში 4 მაისს დაიწყება და მასზე 40-მდე ქვეყნის ლიდერია მიწვეული. ორმხრივი შეხვედრები 4 მაისსაც გაგრძელდება.