ფინანსურის საგამოძიებოს უფროსად, სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად, სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის მოადგილე, ლევან ხარაბაძე დაინიშნა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

“ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან ხარაბაძე, უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

მას ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის ყოფილი უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლევან ხარაბაძეს უწყების ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ ხელმძღვანელს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკას. მან იმედი გამოთქვა, რომ ხარაბაძის ხელმძღვანელობით, კვლავ, აქტიურად გაგრძელდება საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა.

ლევან ხარაბაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა უწყების თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და მაღალ პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ სამსახური დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულებას გააგრძელებს.

მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს, მიხეილ მაღლაკელიძეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უწყების მუშაობის ეფექტურობა და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებს შორის კოორდინაცია მომავალშიც გაგრძელდება.

თავის მხრივ, მიხეილ მაღლაკელიძემ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი წარმატებები უსურვა”. – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

მაღლაკელიძე საგამოძიებო სასამსახურის უფროსად 2025 წლის 24 ივნისს დაინიშნა. იქამდე ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

2026 წლის 27 აპრილს მაღლაკელიძე შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტზე გადაიყვანეს, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი [დაჩი] ბერაია შეცვალა. 25 აპრილს, ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

რაც შეეხება ლევან ხარაბაძეს, ის მდინარაძის მოადგილედ 2025 წლის 4 სექტემბერს დაინიშნა, იქამდე კი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ