“მეფედ ყოფნა ალბათ რთული უნდა იყოს. ერთ დღეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაქებს, კონგრესი აპლოდისმენტებით გხვდება და ოქროს თეფშებზე გაწყობილ რავიოლის გთავაზობენ. მეორე დღეს კი ნიუ-იორკის მერი გაიგნორებს და ნათლად აცხადებს, რომ მას არ სურს შენთან შეხვედრა,“ – ამის შესახებ guardian-ი წერს და სკანდალური მიღების შესახებ დეტალებს გვიზიარებს.
მეფე ჩარლზ III აშშ-ის უდიდეს ქალაქს ოთხშაბათს ეწვია. მონარქი 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიას დაესწრო. წინა დღით კი ჩარლზმა ვაშინგტონში ვიზიტისას, დონალდ ტრამპისგან ქათინაურები ისმინა.
ტრამპთან შეხვედრამ საკმაოდ პომპეზურად ჩაიარა – “ოქროს თეფშებზე“ გაწყობილ ვახშამს თან ახლდა აშშ-ის პირველი პირის ხუმრობები და საბოლოოდ მხარეები ურთიერთობების გაფართოებაზეც კი შეთანხმდნენ.
სრულიად საპირისპირო მიმართულებით წარიმართა მეფე ჩარლზისა და ნიუ-იორკის დემოკრატი სოციალისტი მერის, მერის, ზოჰრან მამდანის დაგეგმილი შეხვედრა.
მამდანი მეფისგან დისტანცირდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრში 11 სექტემბრის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად გვირგვინით შემკობის ცერემონიაზე.
“მერი მეფე ჩარლზს პირადად არ შეხვდება. თუმცა ცერემონიას დაესწრება“, – განაცხადა მამდანის პრესმდივანმა ჯო კალველომ ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე. მიუხედავად ამისა, მათ შორის რამდენიმეწუთიანი შეხვედრა მაინც შედგა.
ჯერ კიდევ დილით, როდესაც მამდანის ჰკითხეს, რას ეტყოდა ჩარლზს, ცერემონიის შემდეგ, პირისპირ შეხვედრისას, მერმა უპახუსა: “მეფესთან პირისპირ რომ მომიწიოს საუბარი, ალბათ ვურჩევდი, კოჰ-ი-ნორის ბრილიანტი დაებრუნებინა“.
106-კარატიანი ბრილიანტი, რომელიც ამჟამად ბუკინგემის სასახლის საკუთრებაა, დავის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც ის 1849 წელს დედოფალ ვიქტორიას მფლობელობაში გადავიდა. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კვერცხის ზომის ბრილიანტი უკანონოდ წაართვეს ინდოელ 10 წლის მაჰარაჯას დულიპ სინგჰს და ბრიტანეთის სამეფომ მიითვისა.
ბუკინგემის სასახლემ უარი თქვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრში ჩარლზსა და კამილას თან ახლდა არა მამდანი, არამედ ნიუ-იორკის ყოფილი მერი (2002 წლიდან 2013 წლამდე) მაიკ ბლუმბერგი.
თუმცა, როდესაც ტრაგედიის ადგილზე, 11 სექტემბერს დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან ზოჰრან მამდანიც მივიდა, სამეფო ოჯახმა და პოლიტიკოსმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მოკლე საუბარიც შედგა.




