ზაზა ბიბილაშვილი: ის, რომ -თან ურთიერთობებში გალღობა იქნება, არარეალისტურია

ხვალ რომ ბრიუსელში შეიკრიბონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები და თქვან, მოდით, ყველაფერი დავივიწყოთ, რაც აქამდე მოხდა და „ოცნებას“ ვაპატიოთ, მეორე დღეს გამოვლენ და პაპუაშვილი და გააკეთებენ რაღაც ისეთს, რაც ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას გაანულებს, იმიტომ, რომ ეს არის რუსეთის ეროვნული ინტერესი – ერთადერთი „დაახლოება“, რომელიც მათ აინტერესებთ ევროკავშირთან და -სთან, ეს არის რუსული ტიპის დაახლოება, რაც ნიშნავს იმას, რომ „აქ დემოკრატია აღარ იქნება, სულ ჩვენ ვიქნებით, რასაც გვინდა კანონს დავარქმევთ, ვისაც გვინდა დავიჭერთ, მიიღეთ ეს რეალობა და ასე ვილაპარაკოთ“. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამერიკა და ევროკავშირი ამას დათანხმდებიან, – ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზაზა ბიბილაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამერიკასთან და ევროკავშირთან დაახლოება არ მოხდეს.

„მაკა ბოჭორიშვილზე რა უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, ეშმაკს სულ რომ მიჰყიდი, მერე ყველაფერი დაიშვება, მაგრამ კონკრეტული ციტატა ვნახოთ, რა თქვა კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს, ვინ შეაჩერა, როდემდე შეაჩერა და რატომ შეაჩერა. ყველაფერს გააკეთებს „ქართული ოცნება“, რომ არ მოხდეს დაახლოება. ერთადერთი „დაახლოება“, რომელიც მათ აინტერესებთ ევროკავშირთან და აშშ-სთან, ეს არის რუსული ტიპის დაახლოება, რაც ნიშნავს: „მიიღეთ ახალი რეალიები, რომ აქ დემოკრატია აღარ იქნება, სულ ჩვენ ვიქნებით, რასაც გვინდა კანონს დავარქმევთ, ვისაც გვინდა დავიჭერთ, მიიღეთ ეს რეალობა და ასე ვილაპარაკოთ“. ეს არის იმ ტიპის დაახლოება, რასაც ისინი ელტვიან და ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ამერიკა და ევროკავშირი ამას დათანხმდებიან“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციასთან დღევანდელ ურთიერთობებს და მედიაში გავრცელებულ ინფორაციას, რომ მაისში, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი ჩამოდის, ბიბილაშვილის თქმით, დიდ სურათში „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა ქვეყნისთვის არის კრახი, რადგან იმ რეალობის შემდეგ, როდესაც საქართველოში ყოველწლიურად ჩამოდიოდნენ ამერიკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, ახლა საუკეთესო პროგნოზით ველით სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს.

„ჩვენ ვიყავით იმ რეალობაში, როდესაც საქართველოში ყოველწლიურად ჩამოდიოდა ხან ამერიკის პრეზიდენტი, ხან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, წამყვანი სენატორები და კონგრესმენები და ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ გაგვიმართლა (საელჩო ჯერ ვერ ადასტურებს), შესაძლოა, ჩამოვიდეს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ანუ რას ყიდის „ქართული ოცნება“ როგორც შესაძლო წარმატებას, რომელიც ჯერ არც მომხდარა, ეს ვიზიტი არ განხორციელებულა. შემდგარი ფაქტია, რომ მათი საგარეო პოლიტიკა ამ ქვეყნისთვის არის წარუმატებელი, თუმცა ამას უნდა შევხედოთ იმ კუთხიდან, რომ ის, რაც ქართველი ხალხისთვის და საქართველოს სახელმწიფოსთვის არის წარუმატებლობა, შესაძლოა იმ ძალებისთვის, რომლებიც „ქართული ოცნების“ უკან დგანან, არის მიზანი, წარმატება, სწორედ ეს იყო მათი ყოველდღიური მტრული რიტორიკის მიზანი, რომელმაც გაამართლა. ის, რომ საქართველო დაშორდა აშშ-ის, ის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შეჩერებულია, ის, რომ ევროპასთან პრაქტიკულად ვეღარ ვსაუბრობთ, მათი მიზანი იყო. საჭირო იყო, რომ ის არ გველაპარაკა და არ გვეკეთებინა, რაც მიზანმიმართულად ძირს გამოუთხრიდა ამ ურთიერთობებს და „ქართულმა ოცნებამ“ განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში სწორედ ეს აკეთა. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ რაღაც ტიპის გალღობა იქნება, არარეალისტურია“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

ბიბილაშვილის თქმით, ამერიკა „ქართულ ოცნებას“ ისეთ რეგიონულ საკითხებზე ესაუბრება, რომელზეც კონტაქტი საჭიროების შემთხვევაში „თალიბანთან“ და ისეთ ძალებთან აქვს, რომელიც, შესაძლოა, საერთოდ მიუღებელი იყოს დიდ სურათში.

„რაც შეეხება მარკო რუბიოს ზარს, გავიხსენოთ რამდენად მშრალი იყო ის ინფორმაცია, რომელიც ამასთან დაკავშირებით დაიდო სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე. იქ რომ რამე ხელმოსაჭიდი ყოფილიყო, რასაც „ოცნება“ თავის წარმატებად გაყიდდა, რა თქმა უნდა, აუცილებლად გააკეთებდა. შესაბამისად, ეს იყო ძალიან პრაქტიკული კონკრეტული საკითხები, რომლებიც მაღალი ალბათობით დაკავშირებული იყო რეგიონში და კონკრეტულად ირანის გარშემო მიმდინარე საკითხებთან და ამას არანაირი კავში არ ჰქონია „ქართული ოცნების“ წარმატებასთან, ამ კონტექსტში ამერიკას კონტაქტი „ქართულ ოცნებასთან“ კი არა, „თალიბანთან“ და ისეთ ძალებთან აქვს, რომელიც შესაძლოა საერთოდ მიუღებელი იყოს დიდ სურათში, მაგრამ კონკრეტულ ვითარებაში მათ უწევთ პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე ასეთ ძალებთან გარკვეული ტიპის კონტაქტი“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის დროს შეხვედრებს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გამართავენ, ბიბილაშვილის განმარტებით, ეს სტანდარტული დიპლომატიური პროტოკოლია.

„ეს არის სტანდარტული დიპლომატიური პროტოკოლი, თუ ქვეყანასთან გინდა მეგობრობა, თუ ხალხთან გინდა მეგობრობა, მით უმეტეს ამბობ, რომ ამ ქვეყანას დღეს მართავს ძალა, რომელიც, შესაძლოა, საერთოდ არ ასახავდეს ამ ხალხის ნებას, მაშინ, ბუნებრივია, რომ შეხვდე იმ ადამიანებს, ორგანიზაციებს და პარტიებს, რომლებიც ალტერნატივას წარმოადგენენ. განსაკუთრებით იმ რეალობაში, როდესაც დღე არ გავა, რომ „ოცნებამ“ არ ახსენოს პარტიების აკრძალვის საკითხი. ამ საკითხს ვერც საგარეო პოლიტიკურად და ვერც საშინაო პოლიტიკურ ფრონტზე ვერ გაყიდიან როგორც წარმატებას, მაგრამ აღარც ცდილობენ. უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ამ ვითარების შენარჩუნება შესაძლებელია ან ფიზიკური ძალადობით ან საკანონმდებლო ძალადობით. მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ 20 იანვარს მოვიდოდა ტრამპი და რაღაც ზეციური მანქანებით ყველაფერი დალაგდებოდა მათთან, ყველაფერი ეპატიებოდათ და ყველაფერი გადაიტვირთებოდა. მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა და მსგავსი არაფერი ხდება. შესაბამისად, თავი შევიკავოთ სპეკულირებისგან, რა შეიძლება მოხდეს. გვანახონ! „ქართული ოცნების“ პირიდან ამოსული არც ერთი სიტყვა არ დაიჯერება. პირიქით, ეს არის ხელისუფლება, რომელიც დგას მხოლოდ პროპაგანდაზე, მხოლოდ პიარზე“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ