“4.60 ლარად 10 კვერცხს გაყიდინებთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს 0.5 კილოს გაყიდინებთ 10 ლარში”, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ყოფილა თუ არა ბოლო დროს თვითონ, ან თავისი ოჯახის წევრი ბაზარში, იმ ფონზე, როცა “ფასების კომისიის” მუშაობის პარალელურად პროდუქცია ძვირდება.
„გაძვირება ტყუილია, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მთავრობაში მომავალ კვირაში გვექნება და ამის შემდეგ, საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ხორცის ფასის დინამიკა საქსტატის მონაცემებით
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ხორცის ფასი მზარდია. ხორცი და ხორცის პროდუქტების ჯგუფში მარტში ფასის 9.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ქვეყანაში იმ პროდუქტების ფასის საშუალო ცვლილებას, რომლის საფუძველზეც საქსტატი ინფლაციას ზომავს, სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსები აჩვენებს. უახლესი სტატისტიკა მარტის ჩათვლითაა ხელმისაწვდომი:
ძროხის ხორცის ფასი იანვრიდან მოყოლებული 10%-ზე მეტად იზრდება. უფრო დეტალურად, ძროხის ხორცი 2026 წლის იანვარში წლიურად 13.5%-ით გაძვირდა, თებერვალში მატება 15.3% იყო, ხოლო მარტში 16.7%. ძროხის ხორცის ფასი გაიზარდა თვის ჭრილშიც და მარტში, თებერვალთან შედარებით, 1.4%-იანი მატება იყო.




