გაზისა და ნავთობის კორპორაციაში დარიგებული მილიონობით ლარის პრემიების საქმე პროკურატურის შესწავლის საგანი გახდა – ამის შესახებ პარლამენტში განაცხადეს, სადაც ითქვა, რომ საუბარია დაახლოებით 7 მილიონ ლარზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში (2022–2023) გამოვლინდა სერიოზული ხარვეზები ფინანსურ მართვასა და კონტროლში. მათ შორისაა დაუსაბუთებელი 7.18 მლნ ლარის პრემიები, თანამშრომლებზე არასაპატიო გაცდენების მიუხედავად გაცემული ანაზღაურება (139,723 ლარი), შტატგარეშე თანამშრომლების არაღრიცხული საქმიანობა და არათანაბარი ხელფასები ერთსა და იმავე პოზიციებზე.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ აუდიტის რეკომენდაციების შესრულება მიმდინარეობს, თუმცა გარკვეულ საკითხებზე კითხვები კვლავ რჩება. პარლამენტის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, სწორედ ამ კითხვებმა გამოიწვია პროკურატურის დაინტერესებაც.
აუდიტის სამსახური მუაობს ძალიან ინტენსიურად და ჩვენი მოვალეობაა ის, რომ დავრწმუნდეთ იმაში, რომ რეკომენდაციები, რაც გაცემულია აუდიტის სამსახურის მხრიდან, ეს ყველა რეომენდაცია სრულდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ მოვისმინეთ ხვადასხვა უწყებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები, სტატუსები და მათ შორის, გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან დაკავშირებული რეკომედაციები, ჩაგვაბარეს ანგარიში, ეს რეკომენდაციები სრულდება, თუმცა არის კონკრეტული კითხვის ნიშნები გადახარჯვასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავინტერესდით, რა სტატუსია ამასთან დაკავშირებით, დღესი მდგომარეობით ყველაფრის გამოსწორება მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული კითხვები, რომელიც არსებობს, იმ კითხვებით უკვე დაინტერესებულია პროკურატურა და დაწყებულია გამოძიება.
კონკრეტულად ადამიანების ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არ ვიცი და ეს არის ის საკითხი, რაც პროკურატურამ უნდა შეისწავლოს. რაც შეეება სპეკულაციას, რომ თითქოს პარტაქტივია სადმე დასაქმებული, ეს, რა თქმა უნდა, არის სიცრუე, – ამბობს ლევან მაჭავარიანი.
აღსანიშნავია, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, თუ როგორ გაიცემოდა პრემიები კორპორაციაში — მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში თანხები დასაბუთების გარეშე ნაწილდებოდა.
2022-23 წლებში 7 მლნ 184 ათასი ლარის ოდენობის გაცემული პრემია არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. კორპორაციის მენეჯმენტის პრემირების წესის ხარვეზები ასევე, კორპორაციის მენჯემნტის პრემირება განხორციელებულია კანონმებლობის მოთხოვნის დაუცველად, პარტნიორთან შეთანხმების გარეშე. 2022 წელს 53, ხოლო 2023 წელს 64 შტატგარეშე თანამშრომელზე არ არის დადოკუმენტირებული და აღრიცხული შესრულებული სამუშაოები, რაც ქმნის სახსრების არამართლზომიერი გამოყენების რისკებს.
მენჯმენტის პრემირების სამართლიანი სისტემის ჩამოსაყალიბებლად კორპორაციამ შეიმუშავა პრემირების შესაბამისი წესი, რომელიც განსაზღვრავს პრემიების გაცემის საფუძვლებისა და ოდენობის დადგენის ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს და პრემიის გაცემას კორპორატიული მართვის კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველს, – განაცხადა აუდიტის სამსახურის მაღალჩინოსანმა პარლამენტში.
შეგახსენებთ, საქმე ფართო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც საკითხი ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „შაბათის ეთერის“ საგამოძიებო მასალაში გაჟღერდა.
გამოძიების მიხედვით, უწყებაში ფიქტიურად დასაქმებული პირების არსებობაზეც გაჩნდა ეჭვები — მათი ნაწილი, სავარაუდოდ, მაღალი ანაზღაურებით იყო გაფორმებული.




