ბერდია სიჭინავა: გაგეგდოთ ბარემ, პირდაპირ…

პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით, გენერალ-კოორდინატორს ისეთ სამინისტროს უკეთებენ, რომელსაც საკუთარი აპარატიც კი არ ექნება და მის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა წერს.

პოლიტიკოსი პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ეხმიანება, რომლის საფუძველზეც მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება.

სიჭინავა სოციალურ ქსელში, კანონპროექტიდან შემდეგ ამონარიდს აქვეყნებს:

 „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი“.

„გაგეგდოთ ბარემ, პირდაპირ…“, – წერს სიჭინავა.

საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულია კანონის პროექტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება.

ცვლილებები “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ხორციელდება და მას პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავს.