ივანიშვილის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დასანქცირებული იმედის ეთერში საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბოლო წლებია ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში და მოქმედებენ ყოველგვარი დიპლომატიისა და მორალის ჩარჩოს მიღმა.
“დღესავით ნათელია, თუ რა სურვილი ჰქონდა ამ უბინძურეს ძალას, რომელიც მძვინვარებს დღეს ბრიუსელში, იმ არარჩეულ ბიუროკრატიასა, თუ პოლიტიკურ ელიტაში, ეს ვერ გაივლის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ქვეყანა არ ჩაერთო ომში, ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და მათ აწუხებთ და მუდმივად შეაწუხებთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად თავაწეული ივლის.
არარჩეული ბიუროკრატია არ არის ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები. ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ის, რაზეც იდგა თავის დროზე ევროპა. სად არიან დღეს და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ევროპა, ამას ჩვენც კარგად ვხედავთ, მსოფლიოც და თავად ევროკავშირშიც ძალიან კარგად ხედავს მათივე საზოგადოება.” – თქვა კირცხალიამ.