ნაფთალი ბენეტი და იაირ ლაფიდი2026 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ისრაელის ორი ყოფილი პრემიერმინისტრის, ნაფთალი ბენეტისა და იაირ ლაფიდის პარტიები ოფიციალურად გაერთიანდნენ. პარტიის სახელი იქნება “ერთად – ნაფთალი ბენეტის წინამძღოლობით”.
იაირ ლაფიდი ამჟამინდელი ოპოზიციის ლიდერია. რაც შეეხება ბენეტის პარტიას, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის პოპულარულობით პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიქუდს უახლოვდება.
ბენეტის თქმით, ლაფიდთან გაერთიანება არის “ყველაზე სიონისტური და პატრიოტული აქტი”, რაც ოდესმე ჩაუდენიათ საკუთარი ქვეყნისთვის. “დაყოფის ეპოქა დასრულდა,” – დაამატა მან. ბენეტის თქმით, ის და ლაფიდი ერთად “გამარჯვებისკენ მიისწრაფვიან”. მან კიდევ ერთი პარტიის, იაშარის, თავმჯდომარეს, გადი აიზენკოტს შესთავაზა ალიანსში შემოსვლა.
ბენეტმა აღნიშნა, რომ თავად “მემარჯვენე, ლიბერალი სიონისტია”, რომელსაც მხოლოდ სხვა სიონისტური პარტიების იმედი ექნება. ამით მან მიუთითა, რომ არაბულ პარტიებთან პარტნიორობას, წარსული გამოცდილებისგან განსხვავებით, აღარ აპირებს.
ლაფიდმა თქვა, რომ მისი ცენტრისტული პარტია იეშ ათიდი საკუთარ ეგოს გვერდზე გადადებს და გააკეთებს იმას, რაც ისრაელისთვისაა საჭირო.
“არჩევნებში გასამარჯვებლად მთელი ისრაელის ცენტრისტები ნაფთალი ბენეტს უნდა ამოუდგნენ… დღეს ვერთიანდებით, რათა არჩევნებში გავიმარჯვოთ და ჩამოვაყალიბოთ სიონისტური მთავრობა. პარტნიორობა ცენტრისტებსა და მემარჯვენეებს შორის, რელიგიურებსა და სეკულარულებს შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის – ჯარში გაწვევის თავიდან არიდებისა და ექსტრემიზმის გარეშე” – თქვა ლაფიდმა.
ბენეტი და ლაფიდი 2021-2022 წლებში თანამშრომლობდნენ, როცა ისინი მცირე ხნით არსებულ მემარჯვენეთა, ცენტრისტთა და მემარცხენეთა კოალიციას უძღვებოდნენ. მათ პრემიერის პოსტი მონაცვლეობით ეკავათ.