ზურაბ აზარაშვილი – 2023 წელს დავიწყეთ 100-მდე სოფლის ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც უწყვეტად გრძელდება

2023 წელს დავიწყეთ 100-ამდე სოფლის ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც უწყვეტად გრძელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინერგება ტელემედიცინის სერვისები.
„ჩავატარეთ 1000-ზე მეტი სოფლის ამბულატორიის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის ანალიზი. 2023 წელს, დავიწყეთ 100-ამდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც ყოველწლიურად უწყვეტად გრძელდება. გრძელდება სოფლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიების, კერძოდ ტელემედიცინის დანერგვა, რითაც უკვე 2500-ამდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა სპეციალისტის კონსულტაცია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.