ჩვენი ღვინო, რომელიც საქართველოში სადეგუსტაციო კომისიამ დაიწუნა, დღეს ევროპაში 900 ფუნტად იყიდება – „ხომლის მარანი“(bm.ge)

“ხომლის მარნის” დამფუძნებელი საქართველოში ღვინის დეგუსტაციის სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.როგორც თამაზ ომანაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, გასულ პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც საქართველოში სადეგუსტაციო კომისიამ მათი კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო დაიწუნა, ეს ღვინო კი დღეს ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში 900 ფუნტად იყიდება.მეღვინე ამბობს, რომ სექტორში გამოწვევაა ღვინის კვალიფიციური სპეციალისტების სიმცირე. მისი თქმით, აუცილებელია, ის თანხები, რასაც დღეს სახელმწიფო რთველის სუბსიდირებაში ხარჯავს, სხვადასხვა მიმართულებით გადამისამართდეს, მათ შორის დეგუსტაციის სფეროში კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ნაწილში.“სადეგუსტაციო კომისიებთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოგიყვებით ჩემი შემთხვევიდან. ღვინო, რომელიც [საქართველოში] სადეგუსტაციო კომისიამ დაიწუნა, 900 ფუნტად იყიდება ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში და 500 ფუნტად მეორე სახეობა. ექსპორტიორმა კომპანიამ სადეგუსტაციო კომისიის მიერ აქ დაწუნებული ღვინო წაიღო და [თავად შეამოწმა]. [ექსპორტიორს] ისე არ მიაქვს მცირე მარნებიდან ღვინო, თუ თვითონ არ დარწმუნდა [მის ხარისხში]. ეს ლოგიკურია, ბიზნესია, თვითონ წაიღეს, შეამოწმეს და თვითონ შეაფასეს ამ თანხებში და თვითონ დაადეს [ფასი]. ისე არ დაადებენ 900 და 500 ფუნტს. და [საქართველოში] სახელმწიფო უფრო ორიენტირებულია 2.5 ლარიან ღვინოებზე.ძალიან დიდი პრობლემებია [სადეგუსტაციო კომისიებში]. სუბსიდირებაში გადაყრილი თანხები შეიძლება მოხმარებოდა და მოხმარდეს ახალგაზრდობის სწავლას, დაფინანსებას, გრანტებს, რომ ჩვენ ღვინის ნორმალური სპეციალისტები გვყავდეს, რომლებიც დეტალზე იქნებიან ორიენტირებულები. მე შევხვედრივარ ცნობილ სომელიეს და ღვინის მსოფლიო დონის ექსპერტს, [ისინი] ერთ ბოთლ ღვინოს ერთი დღის მანძილზე აგემოვნებენ, ერთ სახეობას და არა 100 და 200 ფესტივალზე რომ აგემოვნებენ 100 და 200-ს სახეობას ერთი დღის მანძილზე”, – განაცხადა თამაზ ომანაძემ.წყარო: bm.ge