საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, უმაღლეს საბჭოს ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე მიიღო.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ზურაბ პატარაძე კარგად იცნობს აჭარას და დარწმუნებულია, რომ ის, ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას რეგიონის საკეთილდღეოდ.
„ზურაბ პატარაძეს აქვს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში ნაყოფიერად და წარმატებით მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში, სადაც ღირსეულად იცავდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
აღსანიშნავია, რომ 2016-2018 წლებში ბატონი ზურაბი იკავებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას. სწორედ მის სახელს უკავშირებდა რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება.
ბატონი ზურაბი გახლავთ აჭარელი, ის ზედმიწევნით კარგად იცნობს ამ მხარის საჭიროებებსა და მის პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, საკუთარ ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას რეგიონის საკეთილდღეოდ. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ზურაბს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სულხან თამაზაშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
“დასასრულს, მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ სულხან თამაზაშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატებები ვუსურვო მას
ახალ, საპასუხისმგებლო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოზიციაზე”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ.