საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლადდანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.„ძალიან დიდი მადლობა გეკა გელაძეს გასული არასრული ერთი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან დიდი სამუშაოსთვის, რომელმაც გარდამტეხი ცვლილებები მოგვიტანა დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს 11 თვე იყო გამორჩეულად წარმატებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი სხვადასხვა მიმართულებით და ფუნდამენტურად შევძელით ვითარების შეცვლა. იყო პრობლემები კრიმინალის კუთხით, ნარკოტიკული დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის კუთხით. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან ხელშესახები და ფუნდამენტური შედეგები და მინდა მას და მის გუნდს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბატონი გეკა იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც იყო ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სულხან თამაზაშვილის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი სახით ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება.„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე მან შეძლო ფუნდამენტურად ცვლილებების განხორციელება, მართვის სისტემის მოწესრიგება, ძალიან ბევრ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ სულხან თამაზაშვილი არის ძალიან წარმატებული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის წარმომადგენელი, ის არის მრავალმხრივი ადამიანი. ამის გამოხატულებაა ის წარმატებები, რომელიც ჰქონდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საფუძვლიანი მოღვაწეობის მანძილზე. მისი სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი წარმატებით გაგრძელდება ის გზა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩაეყარა საფუძველი და სულხან თამაზაშვილის სამომავლო საქმიანობა იქნება საფუძველი იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებებს მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავი უწყებების როლს სახელმწიფოს სიძლიერესა და სიმტკიცეში და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.გეკა გელაძემ პრემიერ-მინისტრს და მმართველ გუნდს, მუშაობის პერიოდში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.„მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ბატონო მინისტრო, კოლეგებო. მინდა პირველ რიგში დავიწყო მადლობით. ბატონო პრემიერო, მადლობა იმისთვის, რომ 1 წლის წინ მე გამომიცხადეთ ნდობა და წარმადგინეთ ამ პოზიციაზე. თქვენი მხარდაჭერით ყოველდღიური ჩართულობით ძალიან მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც შედეგზე იყო ორიენტირებული როგორც ინსტიტუციურად, ისე ყველა მიმართულებით ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აქ სხედან, ამ გუნდთან ერთად და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ამ ერთი წლის განმავლობაში ერთი ადამიანი ბუნებრივია ვერ შეძლებდა იმ მიღწევებს, რომელზეც ბატონმა პრემიერმა ისაუბრა და თქვენი და თითოეული თქვენი თანამშრომლის მხრიდან, აქტიური ჩართულობით მივაღწიეთ იმას, რაც დღეს გვაქვს და ამისთვის დიდი მადლობა. იცით, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ოჯახი. ეს ინსტიტუციაა, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების წესი, თავისი კულტურა და მინდა ბატონ სულხანს მადლობა გადავუხადო – აჭარის რეგიონში ყოველდღიურად გვქონდა ჩვენ კომუნიკაცია იმ საქმიანობისთვის, რომელიც მან განახორციელა.მინდა წარმატებები ვუსურვო – ის არის განსაკუთრებული ადამიანი, ძლიერი ადამიანი, ღირსეული პოლიციელი და მე მეამაყება, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ და ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც ის ჩაუდგა სათავეში ამ ინსტიტუციას და თქვენთან ერთად კიდევ უფრო მეტ შედეგს მიაღწევს. წარმატებები და მადლობა ყველაფრისთვის“, – განაცხადა გეკა გელაძემ.სულხან თამაზაშვილმა პრემიერ-მინისტრს, ასევე პარტია „ქართულ ოცნებას” და მის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა ბატონ პრემიერ-მინისტრს, ასეთი ნდობის გამოცხადებისათვის. მინდა მადლობა გადავუხადო სრულიად პარტია „ქართული ოცნები“-ს გუნდს, მის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გეკა გელაძეს, ჩემს მეგობარს, ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილისთვის და საქმიანობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში.ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა, დაბრუნება, იმ ოჯახში, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰქვია. მოგეხსენებათ, მრავალი წელი მაქვს გატარებული თქვენთან ერთად ამ ოჯახში და დიდი პატივია გაგრძელება, პროფესიონალ, ღირსეულ ადამიანებთან ერთად, იმ საქმის კეთება, რასაც ჰქვია ქვეყნის სამსახური, მართლწესრიგის კანონის დაცვა და სამართლის აღდგენა.ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა