ელექტროენერგია მსხვილი საწარმოების ნაწილისთვის, მათ შორის ფეროშენადნობთა სექტორისთვისაც გაძვირდა.როგორც კომპანია AMB Alloys-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია გოგსაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, სემეკის მიერ 1 აპრილიდან “ენერგო პრო ჯორჯიასთვის” დადგენილი განაწილების ახალი ტარიფის შედეგად, მათ საწარმოს 1 კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულება 3 თეთრით, 27.3 თეთრამდე გაეზარდა.აღსანიშნავია, რომ ფეროშენადნობთა მწარმოებელი კომპანია ელექტოენერგიის პირდაპირი მომხმარებელია, ანუ დენს თავისუფალ ბაზარზე, გენერაციის ობიექტებისგან ყიდულობს. შესაბამისად, განაწილების ტარიფის ზრდამ მათ მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის საბოლოო ღირებულებაც გაზარდა.როგორც კომპანიაში ამბობენ, შედეგად 1 ტონა პროდუქციის წარმოების თვითღირებულება დაახლოებით 60-80 დოლარით გაუძვირდათ.“ფეროშენადნობების წარმოებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ელექტროენერგია. თვითღირებულებაში და წარმოების მოცულობაში საკმაოდ სოლიდურ სეგმენტს იჭერს, დაახლოებით 40%-ია თვითღირებულებაში ელექტროენერგიის დანახარჯი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ცვლილება [ელექტროენერგიის ტარიფის] გაზრდის კუთხით ნეგატიურად აისახება ჩვენზე.ჩვენს შემთხვევაში, ტარიფის ზრდა განპირობებულია იქიდან, რომ განაწილების ტარიფი 10 კილოვოლტიან ძაბვაზე მიერთებულ მომხმარებლებს გაეზარდათ 3 თეთრით. თუკი ტარიფი გაზრდამდე, ანუ 1 აპრილამდე იყო 4,39 თეთრი, დღევანდელ მოცემულობაში გვაქვს 7,44 თეთრი, რეალურად ზრდა არის თითქმის 40%. ეს იწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს და იზრდება ფინანსური ტვირთი ჩვენი კომპანიისათვის. და არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, ასეთ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა სექტორის ის სხვა საწარმოებიც, რომლებიც 10 კილოვოლტამდე ან 10 კილოვოლტიან ძაბვის საფეხურზე არიან მიერთებულები, ყველას ანალოგიური პრობლემა შეექმნა.ბოლო პერიოდის ცვლილებების შედეგად ფასნამატი დაახლოებით ტონა პროდუქციაზე სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს 50-დან 70-80 დოლარის ფარგლებში, რაც მოცემულ სიტუაციაში არის ძალიან დიდი ციფრი და არაკონკურენტულ გარემოში გადავყავართ შექმნილ სიტუაციას, ანუ გაზრდილ ტარიფს.ჩვენს სექტორში ფეროშენადნობების ბაზარზე ძალიან გაზრდილი კონკურენციაა. აქ ჩართულები არიან ისეთი მომწოდებლები საერთაშორისო ბაზრებზე, როგორიც არის ინდოეთი, ინდონეზია და მსგავსი პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნები, რომლებიც საკმაოდ ექსპანსიურად ოპერირებენ ჩვენს ტრადიციულ ბაზრებზე, მაგალითად ევროკავშირის მიმართულებით, თურქეთის ბაზარზე და ა.შ. მათ მიერ მოწოდებული პროდუქცია ბევრად უფრო დაბალი ხარისხით და შესაბამისად, დაბალი ფასით არის წარმოდგენილი ბაზრებზე, რაც დამატებით პრობლემას უქმნის ჩვენი დარგის ნორმალურად ფუნქციონირებას, იმიტომ რომ კონკურენცია მათთან გვიჭირს გაზრდილი თვითღირებულების ფარგლებში.როგორც მოგახსენებთ და ეს მრავალჯერ არის გაჟღერებული, 2022 წლიდან მთლიანად სექტორი, ფეროშენადნობების დარგი იმყოფება ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რაც თავის მხრივ განპირობებულია იმ ცნობილი საერთაშორისო ფაქტორებით, როგორიც არის რუსეთ-უკრაინის ომი. 2022 წლის მეორე ნახევრიდან დარგი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში ფასებზე მკვეთრი კლების პირობებში და გაზრდილი საერთაშორისო კონკურენციის პირობებში”, – განაცხადა ილია გოგსაძემ.AMB Alloys-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ გლობალურ ბაზარზე ფეროშენადნობებზე არსებული შედარებით დაბალი ფასების შენარჩუნების ფონზე, ელექტროენერგიის გაძვირებამ შესაძლოა, საწარმო უკვე მაისიდან დახურვის საფრთხის წინაშე დააყენოს.ამიტომ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, დარგს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში შედარებით იაფ ელექტროენერგიაზე წვდომა ჰქონდეს.“ამ სიტუაციაში და მოცემულობაში დარგისთვის გამოსავლად ალბათ სხვა რიგ ღონისძიებებთან ერთად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, რომ იქნებ როგორმე მოგვეძებნა შედარებით იაფი ელექტროენერგია, შეღავათიანი ტარიფი, რაც დარგს მისცემდა საშუალებას, ამ კრიზისის პირობებში, საწარმოს სიმძლავრეების შეენარჩუნებინა. ამ გადასახედიდან ალბათ ყველაზე ეფექტური გამოსავალი იქნებოდა სეზონურობის გათვალისწინებით გაზაფხული-ზაფხულის პირობებში შედარებით იაფი, ჭარბი ჰიდრორესურსებიდან რაღაც სეგმენტის მიღება და განაწილება სექტორზე, რომელიც მხოლოდ შეიძლება ჩაითვალოს მაშველ რგოლად დარგისათვის, რომ შევინარჩუნოთ საწარმოს სიმძლავრეები. სხვა შემთხვევაში, დარგს რეალურად გაუჭირდება ფუნქციონირება. ჩვენი საფრთხეები გახლავთ ის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს პრობლემების მოგვარება, მუშა-ხელის შენარჩუნება, თანამშრომლების, სახელფასო ვალდებულებების და სხვა მიმდინარე ვალდებულებების შენარჩუნება და მომსახურება.შესაბამისი პროფილის სახელმწიფო უწყებებთან ჩვენ აღნიშნულის თაობაზე მუდმივ დიალოგში ვართ. [მათთვის] ცნობილია ჩვენი დარგის პრობლემების შესახებ და ამავდროულად, ალბათ გამოსავალი შეიძლება იყოს იაფი ჰიდრორესურსები, რომელიც მიმდინარე თვეებში, მაისის თვიდან რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს და გადაუნაწილდეს დარგის კომპანიებზე.იმედს გამოვთქვამთ, რომ გვექნება შესაბამისი რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რაღაც ქმედითი ზომები არ იქნება მიღებული და ჩვენ ვერ შევძლებთ ხელშესახები გამოსავლის მოძებნას ამ თვალსაზრისით, დავდგებით იმის წინაშე, რომ ალბათ მომავალი, მაისის თვიდან უკვე ვეღარ შევძლებთ ოპერირების განხორციელებას. იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ საწარმოო პროცესი, რაც თანმდევი ნეგატიური შედეგებით დასრულდება. ჩვენს საწარმოში დასაქმებულია 100-მდე ადამიანი და მიმდინარე ვალდებულებებს ვეღარ მოვემსახურებით. მინდა აქვე განვმარტო, რომ ბიზნესს სხვა ვალდებულებებიც გააჩნია, მათ შორის საბანკო კრედიტების თვალსაზრისით და ამ ყველაფრის მომსახურება რეალურად შეუძლებელი გახდება”, – განაცხადა ილია გოგსაძემ.წყარო: bm.ge


