აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგიაშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის მიმართ მას შემდეგ, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ს საზღვაო ბლოკადის დარღვევა სცადა გემმა, რომელსაც, ტრამპის თქმით, შესაძლოა, ჩინეთთან ჰქონდა კავშირები.
“გუშინ ჩვენ გემი დავაკავეთ, რომლის ბორტზე იყო ისეთი რაღაცები, რაც არ იყო სასიამოვნო. ალბათ, საჩუქარი ჩინეთიდან, არ ვიცი. მაგრამ ოდნავ გაკვირვებული დავრჩი, რადგან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მეგონა, რომ პრეზიდენტი სისთან ურთიერთგაგება მქონდა. თუმცა, არა უშავს. ასეთია ომი.” – აღნიშნა ტრამპმა CNBC-სთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, 19 აპრილს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ ირანული დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა, რომელიც ირანის ბანდარ აბასის პორტისკენ მიცურავდა და აშშ-ს მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადის დარღვევას ცდილობდა.
ჩინეთში ტრამპსა და სი ძინფინგს შორის მომდევნო შეხვედრა მარტშია მოსალოდნელი. მანამდე ისინი ერთმანეთს სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე, შეხვდნენ, რაც ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ მათი პირველი შეხვედრა იყო პირისპირ.
ამასთან, CNBC-სთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ აშშ-მ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერიოდი საბრძოლო მასალების შესავსებად გამოიყენა. ხოლო ირანის მხრიდან ჩინური იარაღის შესყიდვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ “მათ შესაძლოა, მცირედით შეავსეს მარაგები.”
22 აპრილს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის 2-კვირიანი ვადის ამოწურვამდე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერიოდი გახანგრძლივდება, თუმცა, ირანულ პორტებზე საზღვაო ბლოკადა შენარჩუნდება.
ტრამპი: ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდება, ბლოკადა გაგრძელდება