ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ ძალოვან უწყებებში ჩატარებულ საკადრო ცვლილებებზე ჟურნალისტებთან კომენტარისას თქვა, რომ “აქ გასაკვირი არაფერია” და მთავარია, გააკეთო ის საქმე, რაც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და ქართველ ხალხს.
“გუნდში ხშირად ხდება ცვლილებები. აქ გასაკვირი არაფერია. ყველა სამსახურის მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კონკრეტულ უწყებაში ან თანამდებობაზე იქნები. მთავარია, გააკეთო ის საქმე, რაც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და ქართველ ხალხს. ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და შესაბამისად, ამ ადამიანების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა არის მნიშვნელოვანი. მინდა, თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო.”. – თქვა კალაძემ.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შესახებ, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, კალაძემ თქვა, რომ ეს “ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობაა”.
“იქმნება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს შესაბამის უწყებებს – ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ უწყებების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს ან პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ. დღეს შეიძლება იყო ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე, ხვალ – მეორეზე. სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს”. – ამბობს კალაძე.
მდინარაძე, გელაძე, თამაზაშვილი – საკადრო ცვლილებები ძალოვან უწყებებში
21 აპრილს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძე დაიკავებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს და დაეკისრება ვიცეპრემიერის მოვალეობას.
სუს-ის უფროსად გეკა გელაძეს წარადგენენ, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს.
ამასთან ერთად, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება ვიცეპრემიერის მოვალეობა.
კობახიძემ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა მდინარაძეს სუს-ის უფროსის პოზიციაზე “წარმატებული საქმიანობისთვის” და თქვა, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებით, მთავრობა კანონპროექტს პარლამენტს ხვალამდე წარუდგენს, ასევე ითხოვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი მომავალ სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით მიიღონ.