კალაძე საკადრო ცვლილებებზე: სადაც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს

კალაძე საკადრო ცვლილებებზე: სადაც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს
22 აპრ 202613:35
თბილისის მერი მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში “გასაკვირი არაფერია” და ამტკიცებს, რომ “ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობა ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული”.
“გუნდში ხშირად ხდება ცვლილებები. აქ გასაკვირი არაფერია. ყველა სამსახურის მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კონკრეტულ უწყებაში ან თანამდებობაზე იქნები. მთავარია, გააკეთო ის საქმე, რაც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და ქართველ ხალხს. ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და შესაბამისად, ამ ადამიანების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა არის მნიშვნელოვანი. მინდა, თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო”, – ამბობს ის.
ამასთან, ის გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის ახალ თანამდებობას და თქვა, რომ ის “მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა”.
“იქმნება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს შესაბამის უწყებებს – ეს იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ უწყებების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. გადანაცვლება იმისთვის არ ხორციელდება, რომ რაიმე პრობლემა არსებობს ან პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ. დღეს შეიძლება იყო ერთ კონკრეტულ თანამდებობაზე, ხვალ – მეორეზე. სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სუს-ის უფროსის პოსტზე რეჟიმი მამუკა მდინარაძეს გელა გელაძით ანაცვლებს. ეს განცხადება ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე გააკეთა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ის ასევე იქნება ვიცე-პრემიერი.
რაც შეეხება შს მინისტრს, ამ თანამდებობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ სულხან თამაზაშვილი დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ არის სანქცირებული.
დღევანდელ ბრიფინგზე ოცნების პრემიერმა ასევე თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვიცე-პრემიერიც იქნება.